ლეგენდარულმა იტალიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი აღარ არის. ამ გადაწყვეტილებას წინ რამდენიმედღიანი სკანდალი უძღოდა, რომელიც რუსული ტოტალიზატორების კომპანიასთან მის თანამშრომლობას მოჰყვა.
შაბათ-კვირას რამდენიმე იტალიელმა პოლიტიკოსმა FIGC-ის არჩევანი მკაცრად გააკრიტიკა. მათ აღნიშნეს, რომ 47 წლის პირლომ გასულ ოქტომბერს რუსული კომპანია “Fonbet“ - ის გლობალური ელჩის როლი მოირგო.

“ნებისმიერი პირი, რომელიც 2022 წლის შემდეგ რუსეთის პოპულარიზაციას ეწეოდა ან ეწევა, ეროვნულ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს“, - განაცხადა ცენტრისტული პარტია “Azione“ -ს წარმომადგენელმა, კარლო კალენდამ.
"მას შემდეგ, რაც წუხელ შევიტყვე, რომ იტალიის ნაკრების კანდიდატი აღარ ვარ, თავს ვალდებულად ვთვლი, ზოგიერთი დეტალი განვმარტო.
ბოლო დღეების განმავლობაში დიდი გულისტკივილით ვადევნებდი თვალს ჩემი სახელის გარშემო აგორებულ დებატებს. ნებისმიერი პროფესიული თანამშრომლობა, რომელშიც დუბაის United FC-ის მწვრთნელის ამპლუაში ვმონაწილეობდი, ექსკლუზიურად კომერციულ და სპორტულ ხასიათს ატარებდა.
ამ თანამშრომლობისთვის პოლიტიკური სარჩულის მიწერა ნიშნავს ჩემთვის ისეთი შეხედულებების მიწერას, რომლებიც არასდროს გამომიხატავს და რომლებიც ჩემი მსოფლმხედველობისგან შორს დგას", - წერს პირლო
პირლოსა და რუსული კომპანიის კავშირებზე ყურადღება გასულ გაზაფხულზე გამახვილდა, როდესაც მან მოსკოვში გამართულ “Fonbet“-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ყოფილ თანაგუნდელ მარკო მატერაცისთან ერთად “ლუჟნიკის“ სტადიონზე ავტოგრაფებიის დარიგება დაიწყო. ამავე ღონისძიებაზე გამოვიდა პროკრემლისტური ნაციონალისტი პოპ-ვარსკვლავი Shaman-ი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში შეჭრას.
არსებობს რისკი, რომ შექმნილმა სიტუაციამ FIGC-ის ახალი ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინიც დააზარალოს. იგი თანამდებობაზე 11 ივლისს დაინიშნა და იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა, პირლოს ჩაშლილი დანიშვნის გამო გადადგეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ამჟამად განხილულ სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი - მწვრთნელი, რომელმაც იტალიას ევრო 2020 მოაგებინა, თუმცა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ, ნაკრები სკანდალურად დატოვა და საუდის არაბეთის ნაკრები ჩაიბარა.