ავტორი:

მეზღვაური, რომელიც წყნარ ოკეანეში ერთი თვის წინ დაიკარგა და ყველას გარდაცვლილი ეგონა, ჰავაის ნაპირებთან ცოცხალი იპოვეს - როგორ გადარჩა?

მეზღვაური, რომელიც წყნარ ოკეანეში ერთი თვის წინ დაიკარგა და ყველას გარდაცვლილი ეგონა, ჰავაის ნაპირებთან ცოცხალი იპოვეს - როგორ გადარჩა?

კალიფორნიელი მამაკაცი, რომელიც წყნარ ოკეანეში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად, ჰავაის სანაპიროსთან ცოცხალი იპოვეს.

  • 39 წლის კაი სატომ კატალინას კუნძული 7 ივნისს დატოვა, თუმცა ორი კვირის შემდეგ მის იახტას ანძა გაუტყდა, საწვავი გამოელია, ტელეფონიც დაუჯდა და საზღვაო-სატრანსპორტო გზებიდან მოშორებით, დინებას მიბარებული, უმწეო მდგომარეობაში დარჩა

“მთელი კვირა ვტიროდი, უბრალოდ დინებას მივყვებოდი სამხრეთით, საშინელ დღეში ვიყავი. ისიც კი ვიფიქრე რომ, ძრავი ჩამერთო და გამონაბოლქვით დამეხრჩო თავი“, - იხსენებს სატო

თუმცა, ხუთი დღის შემდეგ, კაიმ ძალები მოიკრიბა და PVC მილებისა და კაიაკის ნიჩბების გამოყენებით ნავის შეკეთებას შეუდგა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ის დარჩენილი შვრიის ფაფით, შემთხვევით დაჭერილი თევზითა და კალმარებით იკვებებოდა, ხოლო წყურვილის მოსაკლავად ზღვის წყლისგან მიღებულ კონდენსატს იყენებდა, რომელსაც სათლებში აგროვებდა.

  • სატოს თითქმის ერთი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ კალიფორნიიდან ჰავაისკენ მიმავალ საზღვაო დერეფანს დაბრუნებოდა, სადაც იგი სამშაბათს კუნძულებისკენ მიმავალმა კონტეინერმზიდმა გემმა გადაარჩინა.

გემის ეკიპაჟის მიერ გადაღებულ შთამბეჭდავ კადრებში კარგად ჩანს გატეხილი ანძა და პატარა ნავი, რომელიც ოკეანის მძლავრ ტალღებს ებრძვის.

  • მეზღვაურებმა გადარჩენილს, რომელსაც კვირების განმავლობაში მხოლოდ შემთხვევით ნაპოვნი საკვებით უწევდა თავის გატანა, ტანსაცმელი და საჭმელი მისცეს.

  • “ღმერთო ჩემო, აღფრთოვანებული ვიყავი! სიხარულისგან ვტიროდი... მერე ხილი და წყალი მომატანეს, საოცრად კარგად მომექცნენ ეს ბიჭები", - იხსენებს სატო.

ამჟამად ის ჰავაიზე ნათესავთან რჩება, თუმცა გეგმავს რომ უახლოეს მომავლში ფილიპინებისკენ გაემგზავროს, ამჯერად უკვე დიდი ხომალდით.

წყარო