ტომ კრუზისა და კეიტი ჰოლმსის 20 წლის ქალიშვილმა, სური კრუზმა, იურიდიულად შეიცვალა გვარი და ამიერიდან სური ნოელის სახელით არის რეგისტრირებული. ამის შესახებ გამოცემა Page Six წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საჯარო ჩანაწერების მიხედვით, სური 2024 წლის ოქტომბერში პენსილვანიაში, სადაც ამჟამად სწავლობს, ამომრჩევლად სური ნოელის სახელით დარეგისტრირდა. პენსილვანიის სასამართლომ Page Six-ს დაუდასტურა, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაცია მხოლოდ პირის ოფიციალური, კანონიერი სახელით ხდება, რაც მიუთითებს, რომ „ნოელი“ უკვე მისი იურიდიული გვარია.
ამასთან, ალეგენის ოლქში სახელის შეცვლის მოთხოვნა არ ფიქსირდება, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ შესაბამისი პროცედურა სურიმ ნიუ-იორკში, კოლეჯში გადასვლამდე გაიარა. სწორედ ნიუ-იორკში ცხოვრობდა ის დედასთან, მსახიობ კეიტი ჰოლმსთან ერთად.

სური ამჟამად პენსილვანიაში, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის დრამის სკოლაში მუსიკალურ თეატრს სწავლობს. უახლოეს დღეებში სცენაზე წარდგება სპექტაკლით Midsummer!, რომელიც უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ თანამედროვე ინტერპრეტაციაა.

ტომ კრუზსა და კეიტი ჰოლმსს ერთადერთი შვილი 2006 წელს შეეძინათ. წყვილი 2012 წელს განქორწინდა, რის შემდეგაც სური დედასთან დარჩა. უცხოური მედიის ცნობით, ბოლო წლებში სურისა და მამას შორის ურთიერთობა პრაქტიკულად აღარ არსებობს.