ძლიერმა ტორნადომ ორშაბათს აშშ-ის ვისკონსინის შტატს გადაუარა და ქალაქ მენაშასა და აპლეტონის მიმდებარე ტერიტორიებზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია.
სტიქიამ ხეები ამოძირკვა, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საგანგებო სამსახურები არაერთ შეტყობინებაზე რეაგირებენ და ზარალის შეფასება გრძელდება.

მეტეოროლოგების წინასწარი შეფასებით, ტორნადოს სიმძლავრე მინიმუმ EF-2 კატეგორიას შეესაბამება. საბოლოო შეფასება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალისტები ზარალს სრულად შეისწავლიან.

ტორნადო თავდაპირველად მენაშას ტერიტორიას დაატყდა თავს, შემდეგ კი ვინებაგოს ტბის მიმართულებით გადაადგილდა. თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული შენობები, სახურავების გარეშე დარჩენილი სახლები, ქუჩებში მიმოფანტული ნანგრევები და ამოძირკვული ხეები.
სტიქიის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათიათასობით ადამიანი. ადგილობრივი მონაცემებით, ვინებაგოსა და კალუმეტის ოლქებში 15 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ტორნადოს პარალელურად, ვისკონსინში კიდევ ერთი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა - ქალაქ უაითვოტერში 29 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ელვის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დიდი ტბებისა და ოჰაიოს ველის ნაწილებში კვლავ არსებობს ძლიერი ქარის, სეტყვისა და ახალი ტორნადოების განვითარების საფრთხე.