ავტორი:

მიწისძვრას იაპონიაში უმძიმესი შედეგები მოჰყვა - დანგრეული შენობები, ხიდები, ათობით ადამიანი დაკარგულია

მიწისძვრას იაპონიაში უმძიმესი შედეგები მოჰყვა - დანგრეული შენობები, ხიდები, ათობით ადამიანი დაკარგულია

იაპონიაში, კუნძულ კიუ-შიუზე დღეს ს 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

  • კუმამოტოს პრეფექტურაში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენამ შენობების და ხიდების ნგრევა და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, გადაიდო ფრენების ნაწილი ტოკიოს ჰანედას აეროპორტშიც, რომელიც ქალაქ კუმამოტოდან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, საბედნიეროდ, მიწისძვრის ეპიცენტრიდან 100 კმ-ში მდებარე სენდაის ატომურ ელექტროსადგურზე დაზიანება ან უსაფრთხოების პრობლემა არ დაფიქსირებულა. სადგური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებლის, NHK ცნობით, კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარე ქაღალდის ქარხნის საკვამლე მილის ჩამოშლის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრ “Aeon Mall Kumamoto“-ს შენობაც, მეორე სართულის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველებმა შენობაში აფეთქება და კვამლი დააფიქსირეს. პოლიციის ცნობით, დაკარგულად ითვლება ცენტრის 20-დან 30-მდე თანამშრომელი. ამჟამად მაშველები ცდილობენ დაადგინონ, იმყოფებიან თუ არა ისინი შენობის შიგნით.

7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების შედეგად, ჩამოიშალა XVII საუკუნეში აშენებული კუმამოტოს ციხესიმაგრის ისტორიული კედლებიც. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სტიქია ციხესიმაგრეს აზიანებს, 2016 წელს მომხდარი 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრამ, 400 წლის სიმაგრის კოშკურები და თაღოვანი კედლები ნაწილობრივ ჩამოანგრია.

  • იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, პირველადი მიწისძვრის შემდეგ 61 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა ინტენსივობა 1-დან 6 ბალამდე მერყეობდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის განცხადებით, კატასტროფის ზონაში მუშაობს თავდაცვის ძალების 3 600 თანამშრომელი და სამაშველო ჯგუფები პრინციპით: “ადამიანის სიცოცხლე უპირველეს ყოვლისა“ იმოქმედებენ.

წყარო