ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Johnson & Johnson-მა განაცხადა, რომ აშშ-ში ტალკის შემცველ ბავშვის პუდრასთან დაკავშირებული სასამართლო სარჩელის მოსაგვარებლად 5,5 მილიარდ დოლარამდე თანხის გადახდას დათანხმდა.
კომპანიის სასამართლო დავების ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ჰაასმა ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესებში საბოლოოდ გაიმარჯვებს, თუმცა შეთანხმება კომპანიას საშუალებას მისცემს, მრავალწლიანი დავა დაასრულოს და რესურსი ახალი მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებაზე მიმართოს.
ტალკთან დაკავშირებული სასამართლო დავები Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ 2009 წელს დაიწყო. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ბავშვის პუდრაში გამოყენებული ტალკი აზბესტით იყო დაბინძურებული, რაც კიბოს განვითარების რისკს ზრდიდა. საუბარია როგორც საკვერცხის კიბოზე, ასევე მეზოთელიომაზე — იშვიათ ონკოლოგიურ დაავადებაზე, რომელიც ყველაზე ხშირად აზბესტის ზემოქმედებას უკავშირდება. თავად კომპანია ამ ბრალდებებს უარყოფს.
მიუხედავად ამისა, 2023 წელს კომპანიამ კომერციული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვიტა ტალკის შემცველი ბავშვის პუდრის წარმოება, რომელიც ბაზარზე 1894 წლიდან იყიდებოდა. მის ნაცვლად Johnson & Johnson-მა სიმინდის სახამებელზე დამზადებული პროდუქტის გამოშვება დაიწყო.