ავტორი:

"ტკივილის ფასად, ჯოხით სიარული დავიწყე. ახლაც ტკივილებით, მაგრამ მაინც დავდივარ" - რა დაემართა ალა პუგაჩოვას: სახლთან დაკავშირებული სკანდალი და ჯანმრთელობის პრობლემა

"ტკივილის ფასად, ჯოხით სიარული დავიწყე. ახლაც ტკივილებით, მაგრამ მაინც დავდივარ" - რა დაემართა ალა პუგაჩოვას: სახლთან დაკავშირებული სკანდალი და ჯანმრთელობის პრობლემა

ალა პუგაჩოვა, რომელიც ყოველ ზაფხულს ოჯახთან ერთად ლატვიაში გატარებას ირჩევს, შესაძლოა, იურმალაში მდებარე საყვარელი სახლის გარეშე დარჩეს. მიზეზი უცნაურია, იმ დროს, როდესაც პრიმადონა სახლში ცხოვრობს - ვილის მფლობელმა ქონება გასაყიდად გამოიტანა.

6-მილიონიანი იჯარა და მოულოდნელი გაყიდვა

საკუთრება 6,2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. საუბარია იმავე მდიდრულ ვილაზე, რომელსაც ალა პუგაჩოვა უკვე 10 წელია, ყოველ ზაფხულს ქირაობს. სახლში შექმნილია ყველა პირობა უმაღლესი კლასის კომფორტისთვის - დახვეწილი ავეჯით მოწყობილი ვრცელი ოთახები, პირადი აუზი და გამწვანებული ტერიტორია.

მიმდინარე სეზონზე პუგაჩოვამ და მისმა მეუღლემ, მაქსიმ გალკინმა, საცხოვრებლის იჯარაში 6 მილიონ რუბლზე მეტი გადაიხადეს, რათა ლაიმა ვაიკულეს ყოველწლიურ ფესტივალს დასწრებოდნენ და ზაფხულის დარჩენილი დღეები ზღვისპირეთში გაეტარებინათ. თუმცა, სანამ ვარსკვლავური წყვილი სახლში იმყოფება, მესაკუთრე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ მყიდველებთან. როგორც კულუარებში ამბობენ, მყიდველის გამოჩენისთანავე, პრიმადონას საცხოვრებლის დაცლა ნებისმიერ მომენტში მოუწევს.

ოთხთვიანი უძრაობა და ბრძოლა ჯანმრთელობისთვის

რუსეთის დატოვების შემდეგ (ის ჯერ ისრაელში, შემდეგ კი კვიპროსში დასახლდა), 77 წლის არტისტის თითოეული გამოჩენა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. ლაიმა ვაიკულეს ფესტივალზე პუგაჩოვამ ჟურნალისტებთან პირად განცდებსა და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებზეც ისაუბრა.

მან თქვა, რომ მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობის გამო ოთხი თვის განმავლობაში უმოძრაოდ იწვა.

"ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, იყო შანსი, რომ ნახევარი წელიწადი ვწოლილიყავი, შემდეგ მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. ნელ-ნელა, ტკივილის ფასად, ჯოხით სიარული დავიწყე. ახლაც ტკივილებით, მაგრამ მაინც დავდივარ. ხელჯოხით თავდაჯერებულობას ვინარჩუნებ“, - განაცხადა მომღერალმა.

რთული არჩევანი და ფილიპ კირკოროვის მხარდაჭერა

მიუხედავად ფიზიკური ტკივილისა და ასაკისა, ალა ბორისოვნა ცდილობს მხნეობა და აქტიური ცხოვრების წესი შეინარჩუნოს. სამშობლოში დაბრუნებას ის ამ ეტაპზე არ გეგმავს, რის გამოც ხშირად ხდება კრიტიკის სამიზნე.

საინტერესოა, რომ ამ ფონზე პრიმადონას ყოველთვის იცავს მისი ყოფილი მეუღლე, ფილიპ კირკოროვი. მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ალასგან უდიდესი ცხოვრებისეული სკოლა გაიარა:

"მან მასწავლა, რომ არ უნდა ვუპასუხო დარტყმებს და მხოლოდ წინ ვიარო. არ არსებობენ მტრები და მეგობრები, არსებობენ მასწავლებლები. მან დამიცვა წვრილმანებისგან და შიდა დავებისგან“, - იხსენებს კირკოროვი.

ამ ეტაპზე უცნობია, სად გადაბარგდება ვარსკვლავური ოჯახი, თუ იურმალას ვილა უახლოეს დღეებში გაიყიდება.