ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ძლიერი სიცხისა და გვალვის ფონზე მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს. ცეცხლმა განსაკუთრებით დააზარალა პოპულარული ტურისტული ადგილები - საბერძნეთის კუნძულ პაროსზე, საფრანგეთის სანაპირო რეგიონებსა და ესპანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობისა და დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო.
საბერძნეთის საკურორტო კუნძულ პაროსზე ხანძრის გავრცელების გამო ცხრა სოფელია ევაკუირებული. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში, მათ შორის პლაჟების მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდეს.
ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებულია ათობით მეხანძრე, სპეციალური დანაყოფები, ვერტმფრენები და წყლის ბომბდამშენი თვითმფრინავები. თუმცა, ძლიერი ქარი ხანძრის ლოკალიზებას ართულებს.

პაროსის მერის მოადგილის, ჰარის გიურციდისის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალის სრული მასშტაბი უცნობია, თუმცა უკვე დაზიანებულია რამდენიმე ნაგებობა. მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მაშველებს ადგილობრივების იძულებით გაყვანაც მოუწიათ, რადგან ისინი შინაური ცხოველების დატოვებაზე უარს ამბობდნენ.


ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანძრებმა ზაფხულის ყველაზე დატვირთულ პერიოდში ტურიზმზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ერთ-ერთი ტურისტული გიდის თქმით, ჯავშნების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც რეგიონის ეკონომიკას აზარალებს.

ესპანეთში კი ხანძრის გამო ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. მადრიდის მახლობლად მცხოვრები ევაკუირებული მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან.
ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსტრემალური სიცხეები და ხანძრის საფრთხე შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიზარდოს, მათ შორის ცენტრალურ ევროპაში.