ყოფილ პოლიციელს, დავით ჭითანავას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ქალებს ესთეტიკის ცენტრში ჩატარებული კონკრეტული პროცედურის დროს გადაღებული ფოტოებით აშანტაჟებდა, 60 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
როგორც ცალკეული მედიასაშუალება იუწყება, გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მათივე ცნობით, ყოფილი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.
ყოფილ პოლიციელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ტვ პირველის” ცნობით, შემთხვევა 2025 წლის აპრილში მოხდა და გამოძიებაც ამ დროიდან მიმდინარეობდა, თუმცა დავით ჭითანავა მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 26 ივლისს საქართველოს დატოვება სცადა.
ადვოკატის თქმით, ჭითანავა თურქეთში მიდიოდა „შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“. მისივე თქმით, ის მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და სამსახურიდან ერთი თვის წინ „ოჯახური პირობების გამო“ წამოვიდა.