ავტორი:

აშშ-მ ჩინური ჰუმანოიდი რობოტების იმპორტი აკრძალა - ადმინისტრაცია შიშობს, რომ ინტერნეტთან დაკავშირებული რობოტები კონფიდენციალურ ინფორმაციას შეუქმნიან საფრთხეს

აშშ-მ ჩინური ჰუმანოიდი რობოტების იმპორტი აკრძალა - ადმინისტრაცია შიშობს, რომ ინტერნეტთან დაკავშირებული რობოტები კონფიდენციალურ ინფორმაციას შეუქმნიან საფრთხეს

ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ჰუმანოიდური რობოტების უდიდესი მიმწოდებელია, მოულოდნელად თავის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარს გამოეთიშა. მიზეზი აშშ-ის მთავრობის ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.

გასულ სამშაბათს ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოური წარმოების ახალი ჰუმანოიდური და ოთხფეხა (კვადრუპედი) რობოტების იმპორტია აკრძალა. ვაშინგტონის განცხადებით, ისინი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის “მიუღებელ რისკებს“ შეიცავენ. აკრძალვა ასევე ეხება დენის გარდაქმნელებს (ინვერტორებს), რომლებიც განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურასა და ელემენტებს ელექტროქსელთან აერთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აშშ-ს უახლესი AI მოდელების შემუშავებაში ჩამორჩებოდა, ბოლო თვეებში სულ უფრო ძლიერი ჩინური მოდელების გამოჩენამ ვაშინგტონი და სილიკონის ველი შეაშფოთა.

ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთმა ასევე მოიპოვა უპირატესობა სამომხმარებლო AI აპლიკაციებსა და AI ტექნოლოგიით აღჭურვილ აპარატურაშიც (მაგალითად, რობოტებში), რაც მისი მასშტაბური წარმოებისა და პროდუქციის სწრაფი კომერციალიზაციის დამსახურებაა.

ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) გადაწყვეტილება იმ ეროვნული უსაფრთხოების დასკვნას დაეფუძნა, რომელიც ორშაბათს თეთრი სახლის მიერ მოწვეულმა უწყებათაშორისმა ორგანომ მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, ინტერნეტთან დაკავშირებულმა რობოტებმა შესაძლოა მონაცემთა კონფიდენციალურობას შეუქმნან საფრთხე და ასევე ხელი შეუწყონ კიბერუსაფრთხოებაში სუსტი წერტილების წარმოქმნას. აშშ-ის ოფიციალურ პირებს მსგავსი შიშები ადრეც გამოუთქვამთ, რისი შედეგიც ქვეყანაში ჩინური წარმოების ელექტრომობილების გაყიდვების აკრძალვა გახდა.

თავის მხრივ პეკინი აცხადებს, რომ “ყველა აუცილებელ ზომებს მიიღებს საკუთარი ინტერესების დასაცავად“

“პეკინი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება აშშ-ის პრაქტიკას, გამოიყენოს ეროვნული უსაფრთხოების ცნება ჩინური კომპანიების საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, პროტექციონიზმი ვერ გაზრდის აშშ-ის კონკურენტუნარიანობას, ის მხოლოდ ამერიკული ბიზნესისა და მომხმარებლების ინტერესებს დააზარალებს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • ჩინური რობოტექნიკის ბუმი და აშშ - ის ბაზარი

სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ჩინეთის ჰუმანოიდური რობოტების ინდუსტრია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სტრატეგიულ სექტორად იქცა, სადაც უკვე 140-ზე მეტი მწარმოებელია და სწრაფად მზარდი ლოგისტიკური ჯაჭვი ფუნქციონირებს.

გასულ წელს ჩინურ კომპანიებზე გლობალური მიწოდების 90% მოდიოდა, მაშინ როცა ისეთი ამერიკელი კონკურენტები, როგორიცაა “Tesla“ და “Figure AI“ , საკუთარი მასობრივი წარმოების დაწყებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

ტექნოლოგიური კვლევითი ფირმა “Interact Analysis“-ის მიხედვით, ამავდროულად აშშ ჩინური რობოტების უდიდესი სამომხმარებლო ბაზარიცა, თუმცა ბოლო დროინდელი აკრძალვებისა და აშშ- ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ბევრი ჩინური კომპანია თავის ძირითად სამიზნედ უკვე ევროპას განიხილავს.

წყარო