რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა ნაურუ იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების ე,წ, დამოუკიდებლობას აღიარებდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან აფხაზეთში. ე.წ. საგარეო უწყება სინანულს გამოთქვამს ნაურუს გადაწყვეტილების გამო.
2009 წლის 15 დეკემბერს ნაურუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებისა და ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ჩამოყალიბდა კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი და საფუძველი ჩაეყარა სახელშეკრულებო-სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებას. ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები, მათ შორის ნაურუს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ვიზიტი აფხაზეთის რესპუბლიკაში და აფხაზური დელეგაციის საპასუხო ვიზიტი აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. ამ კონტაქტების შედეგებით მხარეებმა განაგრძეს ორმხრივი ურთიერთქმედების თანმიმდევრული განვითარება, ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების ჩათვლით, რომლებიც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის პრაქტიკული შინაარსით შევსებას", - ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"ამოქმედდა იძულების ი მეთოდების მთელი არსენალი - უცერემონიო პოლიტიკური შანტაჟიდან და უხეში დიპლომატიური ზეწოლიდან იშვიათ ფინანსურ-ეკონომიკურ რეპრესიებსა და სანქციურ ზომებამდე, რომლებიც მიმართული იყო ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული არჩევანის გადახედვისკენ.
გამოყენებული ზეწოლის მეთოდების თვალსაჩინო დადასტურებას წარმოადგენს ნაურუს რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარონ ვაკას საჯარო განცხადებები, რომლებიც მან აფხაზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ღიად განაცხადა იმ უპრეცედენტო ზეწოლის შესახებ, რომელიც მის ქვეყანაზე განხორციელდა აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ასევე პირდაპირი მოსყიდვისა და ფინანსური ზემოქმედების გზით, ნაურუს რესპუბლიკის იძულების მცდელობებზე, უარი ეთქვა ადრე მიღებულ სუვერენულ გადაწყვეტილებაზე", - აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.„საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.