ავტორი:

"დაცვას ხელით ანიშნა, გაჩერებულიყო, მერე მოვიდა ჩემთან და... " - რას ჰყვება ქართველი მსახიობი ლეგენდარულ ირანელ მომღერალზე? პატიმრობა და ბრძოლა ირანის თავისუფლებისთვის

"დაცვას ხელით ანიშნა, გაჩერებულიყო, მერე მოვიდა ჩემთან და... " - რას ჰყვება ქართველი მსახიობი ლეგენდარულ ირანელ მომღერალზე? პატიმრობა და ბრძოლა ირანის თავისუფლებისთვის

"ირანის დიქტატურულმა რეჟიმმა 1979 წელს მოსვლისთანავე დაპატიმრებები დაიწყო და დააპატიმრა ქალი, რომელსაც "ირანის ბულბულს” ეძახდნენ - ფაიკე ათეშინი გუგუში, იმის გამო, რომ ის იყო ქალი და მღეროდა.

მაშინ 29 წლის იყო და 21 წელი უმძიმეს ფსიქოლოგიურ წნეხში გაატარა...

2000 წელს კალიფორნიაში დასახლდა და ემიგრაციაში უამრავი კონცერტი ჩაატარა ემიგრანტი ირანელებისთვის. მუდამ ირანის გათავისუფლებისთვის იბრძოდა, მან ტრამპსაც მისწერა წერილი 2026 წლის იანვარში - რასაც დაჰპირდით ირანს, შეასრულეთო.

მისი მიმართვა ირანელი ხალხისადმი ასეთი იყო - "ჩემი ხმა თქვენს თავისუფლებას ეკუთვნის", - ეს არის ამონარიდი მაია კიკაბიძის წერილიდან გუგუშის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელში გააზიარა და დიდი რაოდენობით გაზიარება და კომენტარი მოჰყვა,

  • "როცა მივუახლოვდი, მისი მცველი წინ გადამიდგა და მითხრა, არ მიუახლოვდეთო. გუგუშმა კი ხელით ანიშნა, გაჩერებულიყო, მერე მოვიდა ჩემთან და გადამეხვია. უთბილესი ქალია. შემდეგ ცოტა ვისაუბრეთ, ვუსურვე, რომ მალე შესძლებოდა ჩასვლა თავის მშობლიურ ქვეყანაში, ასე რომ ოცნებობს ამდენი წელია. საუბრის ბოლოს მითხრა, ფოტო გადავიღოთო, რომელიც მერე გამომიგზავნეს", - იხსენებს Ambebi.ge-სთან საუბრისას სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, მარინა სოლომონია.

მარინა სოლომონია თავისი კუმირის, გუგუშის შესახებ გვესაუბრება:

- პირველად ეს მომღერალი ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა ვნახე ფილმში "გრძელი ღამე." ჩემს უახლოეს მეგობართან, არაჩვეულებრივ მხატვართან და რეჟისორთან, მაია კიკაბიძესთან ერთად, (რომელიც ყოველთვის მირჩევდა ირანულ ფილმებს გავცნობოდი), გახლდით რუსთაველის კინოთეატრში ირანული ფილმის სანახავად.

ფილმის სიუჟეტი ძალიან მომეწონა, რადგან ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორც ირანია, ეს არ იყო ჩვეულებრივი ფილმი. გუგუში თამაშობდა მომღერალ ქალს და სწორედ როგორც მომღერალი მომეწონა ამ ფილმში. როდესაც ქვეყნის სათავეში ფეჰლევის დინასტია იდგა, ირანი ძალიან მოწინავე ქვეყნად ითვლებოდა. გუგუში შაჰის კარზე მღეროდა. ახლაც ძალიან პოპულარულია, მაგრამ მაშინ იმდენად ცნობილი იყო, რომ ირანის მოდას ქმნიდა.

ირანელი ქალები მას ჰბაძავდნენ, მის მსგავსად იმოსებოდნენ და ისეთივე ვარცხნილობას ატარებდნენ, როგორც მას ჰქონდა. ჩემი რჩეული კი იმიტომ გახდა, რომ ძალიან მამაცი ქალია. როდესაც ირანში რევოლუცია მოხდა და მომღერალ ქალებს სცენაზე სიმღერა აუკრძალეს, გუგუში არ შეშინდა. რევოლუციის დროს ის ნიუ-იორკში იყო, ირანიდან უთვლიდნენ რომ თეირანში არ ჩასულიყო, რადგან შესაძლოა, დაეპატიმრებინათ, იმიტომ რომ ის შაჰის ოჯახთან, მის მეუღლესთან და შვილებთან დაახლოებული პირი იყო.

გუგუში მაინც ჩავიდა თეირანში. მას ყველაფერი იქ ჰქონდა დატოვებული. მართლაც, ჩასვლისთანავე დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ციხიდან მისი ყოფილი მეუღლის, ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის, მაჰმუდ გორბანის ავტორიტეტის წყალობით გამოუშვეს. ამ ყველაფრის შემდეგ გუგუშს ქვეყნიდან წასვლა არ შეეძლო, იმიტომ რომ შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

როგორც თვითონ ამბობს, ის შეეცადა ახალ ცხოვრებას უსიმღეროდ შესწყობოდა, რამაც მძიმე დეპრესიაში ჩააგდო. მას 21 წლის განმავლობაში სიმღერა აკრძალული ჰქონდა. 2000 წელს კი, მისმა მეუღლემ, ცნობილმა კინორეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა, მასუდ კიმიაიმ ჩუმად ჩაწერა მისი სიმღერები და ამერიკაში გააგზავნა. იქ, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა, რომელთაც კიდევ ახსოვდათ ეს განუმეორებელი მომღერალი, სურვილი გამოთქვეს, ისევ მოესმინათ მისი სიმღერები.

ირანის პრეზიდენტმა ნება დართო გუგუშს ქვეყნიდან გასულიყო, რის შემდეგაც ის ჩავიდა ტორონტოში, სადაც მისი პირველი კონცერტი გაიმართა სრული ანშლაგით, 21 წლის დუმილის შემდეგ. სხვათა შორის, გუგუში იმდენად უყვარდათ, რომ 21 წლის სიჩუმის განმავლობაში, მის დისკებს დახლის ქვემოდან, ჩუმად ყიდდნენ.

- ქვეყნიდან წასულმა თავის ქვეყნისთვის ბრძოლა გააგრძელა?

- გუგუში სადაც არ უნდა ყოფილიყო, თავისი ქვეყნის გვერდით იდგა. არ გაჩუმებულა, იქნებოდა ეს კლიპები, ბრიფინგები თუ საჯარო გამოსვლები. ის ყველგან იცავდა თავისი ქვეყნის ინტერესებს. ირანში ვერ ჩადიოდა, რადგან მას 16 წელი ციხე ემუქრებოდა. გუგუშმა ინგლისში სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრიბა ირანელი ახალგაზრდები, ჩამოაყალიბა პროექტი "googosh Music Academy". ეს იყო ირანული მუსიკალური რეალითი შოუ, რომელიც ლონდონში მიმდინარეობდა

გუგუში თავად ხელმძღვანელობდა აკადემიას, ეხმარებოდა ახალგაზრდა ირანელ მომღერლებს ნიჭის განვითარებაში. ასევე ხელს უწყობდა ირანული მუსიკის პოპულარიზაციას და მის შენარჩუნებას საზღვარგარეთ. ისე, როცა მის კონცერტებს ვესწრებოდი, დარბაზში ახალგაზრდობა სჭარბობდა.

- სად დაესწარით მის კონცერტს პირველად?

- გუგუშის პირველ კონცერტს თურქეთში, ანტალიაში დავესწარი. წინა რიგში ვიჯექი და ძალიან ახლოს ვხედავდი. ახლაც თვალწინ მიდგას, სცენაზე როგორ შემოვიდა ეს ულამაზესი ქალი. მინიატიურული ქალია უზარმაზარი შარმით. სასწაული აურა აქვს, რომელსაც უხვად აფრქვევს სცენიდან. ისეთი ცეცხლი დაანთო, ნამდვილი დღესასწაული იყო.

- სად შეხვდით პირადად?

- გუგუშს პირადად ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ საქართველოში. მსურდა, მისთვის ქართული ტრადიციული საჩუქარი გადამეცა. ჩემმა მეგობრებმა, მაია და სოფო კიკაბიძეებმა მირჩიეს, არჩევანი ქართულ ყაბალახზე გამეკეთებინა. თავიდანვე კი გამიკვირდა, ყაბალახი ხომ მამაკაცის არის-მეთქი, მაგრამ მითხრეს, ქალის ყაბალახიც არსებობსო. როცა გუგუშს მივართვი, ძალიან გაუხარდა.

- როგორ შეძელით შეხვედროდით, ამბობენ, რომ ეს ურთულესია...

- ცალკე საუბრის თემაა, როგორ შევხვდი მას. ძალიან რთული იყო მასთან მოხვედრა, მაგრამ როცა გაიგო, ქართველ მსახიობს სურდა მასთან შეხვედრა, დათანხმდა. როცა მისი თანაშემწე მოვიდა და მითხრა, ქალბატონი გუგუში გიბარებთო, ძალიან ავღელდი. პირველი, რაც შესვლითანავე ვნახე, ეს იყო უამრავი ყვავილი, უზარმაზარი თაიგულები, რომლებითაც მოფენილი იყო მთელი მისი საგრიმიორო. ის კი ოთახის ბოლოში იდგა და ოდნავ მოჭუტული თვალებით მიყურებდა. როცა მივუახლოვდი, მისი მცველი წინ გადამიდგა და მითხრა, არ მიუახლოვდეთო.

გუგუშმა კი ხელით ანიშნა, გაჩერებულიყო, მერე მოვიდა ჩემთან და გადამეხვია. უთბილესი ქალია. შემდეგ ცოტა ვისაუბრეთ, ვუსურვე, რომ მალე შესძლებოდა ჩასვლა თავის მშობლიურ ქვეყანაში, ასე რომ ოცნებობს ამდენი წელია. საუბრის ბოლოს მითხრა, ფოტო გადავიღოთო, რომელიც მერე გამომიგზავნეს.

ვინაიდან ძალიან ვღელავდი, ერთი კურიოზი შემემთხვა. საუბრის დროს ვუთხარი, რომ თქვენ ჩემთვის ყველაზე დიდებული ქალი და მომღერალი ხართ-მეთქი მთელ სამყაროში. You are the greatest woman in the world for me, მე კი Greatest-ის მაგივრად Biggest ვუთხარი, რასაც ამ კონტექსტში სხვა მნიშვნელობა აქვს.

გუგუშს ჩაეცინა, მაგრამ მიხვდა, რისი თქმაც მინდოდა. ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ეს შეხვედრა მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

- მეორედ სად შეხვდით?

- მეორეჯერ ისევ თბილისში შევხდი. მაიას რჩევით ისეთი ტორტი შევუკვეთეთ, გამოსახულია გუგუში სცენაზე წითელ ქართულ ღვინოსთან ერთად.

სასტუმროს ფოიეში დავხვდით მე, მაია და სოფო კიკაბიძეები და დარეჯან ლაცუზბაია. არ ელოდა, აღფრთოვანებული იყო. ჩვენ კი ძალიან ვიხალისეთ. არასდროს დამავიწყდება ის დღეები. მინდა დიდხანს იცოცხლოს და ჯანმრთელად იყოს.