პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ჩამოვარდნილი ობიექტი, სავარაუდოდ, რუსული რაკეტა იყო.
ტუსკის განცხადებით, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ საქმე შესაძლოა რუსულ Kh-101 ტიპის ფრთოსან რაკეტას ეხებოდეს, თუმცა პოლონეთი საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე დეტალურ ანალიზს ატარებს. ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ იმ ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცის სიახლოვეს დაახლოებით 20 საჰაერო ობიექტი დაფიქსირდა. სამხედროები ახლა ჩამოვარდნილი ობიექტის ნარჩენებს იკვლევენ, რათა ზუსტად დადგინდეს მისი წარმომავლობა.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა რუსული დრონები და რაკეტები. 2022 წლის ნოემბერში უკრაინის საზღვართან ახლოს ჩამოვარდნილმა რაკეტამ ორი პოლონელი ფერმერი იმსხვერპლა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ის, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას ეკუთვნოდა და რუსეთის თავდასხმის მოგერიებისას იყო გაშვებული.