ავტორი:

ხელოვნური ინტელექტი AI-მდე: დავიწყებული საბჭოთა პროგრამა, რომელიც თითქმის არავინ იცის

ხელოვნური ინტელექტი AI-მდე: დავიწყებული საბჭოთა პროგრამა, რომელიც თითქმის არავინ იცის

1950-იანი წლებში, საბჭოთა კავშირმა ამბიციური პროგრამა წამოიწყო, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის განვითარება იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს AI-ის ისტორია უმეტესწილად სილიკონის ველის გიგანტების მიერ იწერება, რკინის ფარდის მიღმა დაბადებულმა იდეებმა ამ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს, თუმცა ეს ფაქტი დიდწილად უგულებელყოფილი რჩება.

  • 1972 წელს ამერიკელმა ჭადრაკის გენიოსმა, ბობი ფიშერმა, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი რუსი ბორის სპასკი დაამარცხა ტურნირში, რომელსაც “ყველაზე ამაღელვებელი მსოფლიო ჩემპიონატი“ უწოდეს.

თუმცა, აღმოსავლეთის ბლოკმა რევანში 1974 წლის 8 აგვისტოს აიღო, როდესაც საბჭოთა კომპიუტერმა “კაისამ“ (Kaissa) მეტოქე დააშამათა და საბჭოთა კავშირს კომპიუტერულ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული მოუპოვა. რუსულმა ხელოვნურმა ინტელექტმა კაპიტალისტი კონკურენტი მიწასთან გაასწორა.

ამ გამარჯვებამ მსოფლიოს დაანახა, რომ საბჭოელებსაც ჰქონდათ თავის სათქმელი AI სფეროში, რომელიც მანამდე ძირითადად აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში ვითარდებოდა.

  • AI - “ბურჟუაზიული მეცნიერება“?

1950-იანი წლების დასაწყისში AI-ს, რომელსაც ამ სახელით მაშინ ჯერ არავინ იცნობდა, რკინის ფარდის მიღმა ეჭვის თვალით უყურებდნენ. საბჭოთა მეცნიერები მომავალ ხელოვნურ ინტელექტს ძირითადად კიბერნეტიკის პრიზმაში აღიქვამდნენ, კვლევით სფეროში, რომელიც იმხანად ძალიან პოპულარული იყო ადამიანსა და მანქანას, ან უშუალოდ მანქანებს შორის ურთიერთქმედების შესასწავლად.

ზოგი კიბერნეტიკას “ცრუ ბურჟუაზიულ მეცნიერებად“ მიიჩნევდა, სხვები კი მასში სამეცნიერო პროგრესის დიდ პოტენციალს ხედავდნენ.

“კიბერნეტიკა სსრკ-ში სამეცნიერო კვლევების თითქმის ოფიციალურ ფილოსოფიად იქცა,“ - აღნიშნავს ოლესია კირჩიკი, “სოციოლოგიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ევროპული ცენტრის“ სოციოლოგი, რომელიც საბჭოთა ეპოქის AI-ის ისტორიას შესწავლით იყო დაკავებული.

კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების დერეფნები მათემატიკოსებით, ფილოსოფოსებითა და სხვა მკვლევრებით აივსო, სწორედ მათ დაევალათ უზრუნველეყოთ კიბერნეტიკული მიღწევების გამოყენება კომუნისტური რეჟიმის სასარგებლოდ. მაშინ, როდესაც 1950-იანი წლების ბოლოს აშშ-ში კიბერნეტიკისადმი ინტერესმა იკლო და მან ადგილი კომპიუტერულ მეცნიერებებსა (Computer Science) და AI-ს დაუთმო, საბჭოელები კვლავ ინარჩუნებდნენ ერთგულებას კიბერნეტიკის, განსაკუთრებით კი “მოაზროვნე მანქანის“ კონცეფციის მიმართ.

  • საბჭოთა AI-ის “ოქროს საბადო“

საბჭოთა AI-ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომელიც ისტორიაში შევიდა, მათემატიკოსი ალექსანდრე კრონროდი გახლდათ. ის, სხვა მიღწევებთან ერთად, სათავეში ედგა გუნდს, რომელმაც ჭადრაკის პროგრამა “კაისა“ შექმნა. ზოგისთვის კრონროდი საბჭოთა “ხელოვნური ინტელექტის მამადაც“ კი ითვლება.

თუმცა მასზე ადრე, კავშირში AI-ის განვითარებაზე უდიდესი გავლენა სხვა მათემატიკოსმა დიმიტრი პოსპელოვმა მოახდინა.

როგორც სხვა ბევრი რამ, მეცნიერების ეს სფეროც არ ყოფილა დაცული ცივი ომის ეპოქის იდეოლოგიური ბრძოლისგან. რუსი მათემატიკოსი მკვეთრად აკრიტიკებდა AI-ისადმი დასავლურ მიდგომას, რომელსაც მეტისმეტად “რედუქციონისტულად“ მიიჩნევდა. მისი აზრით, ამერიკელი მკვლევრებს ადამიანის ტვინი ერთგვარ სუპერკომპიუტერამდე დაჰყავდათ, რომელიც ზუსტ, თუმცა უსულო გათვლებს ასრულებდა. პოსპელოვისთვის ინტელექტი აღქმული უნდა ყოფილიყო როგორც სოციალური აქტივობა, რომელიც გარემოზე იქნებოდა დამოკიდებული.

საბჭოთა კავშირში AI-ს პრაქტიკული პრობლემები უნდა გადაეჭრა. კირჩიკის თქმით, სსრკ “ალგორითმებს უპირველეს ყოვლისა სოციალისტური ეკონომიკის მართვის ოპტიმიზაციისთვის “. მაგალითად, ნავთობისა და გაზის მრეწველობაში საკუთარი ოპერაციების გაუმჯობესებისთვის იყენებდა.

  • ვართ თუ არა AI ბუშტში?

ალგორითმები მოსკოვისთვის პირდაპირი მნიშვნელობით ოქროს საბადო აღმოჩნდა. 1960-იან წლებში ხელისუფლება ცდილობდა დაედგინა, თუ სად უნდა ეწარმოებინათ გათხრები საბჭოთა ტერიტორიაზე ოქროს საბადოების აღმოსაჩენად. ამ ამოცანის გადასაჭრელად, საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა მათემატიკოსმა, იური ჟურავლიოვმა, ალგორითმული მიდგომა შეიმუშავა. მსოფლიოში არსებული ოქროს საბადოების ცნობილი ლოკაციების მონაცემებზე დაყრდნობით, ჟურავლიოვმა 1966 წელს შექმნა პროგრამა, რომელმაც წარმატებით განსაზღვრა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ოქროს ადგილმდებარეობა.

ეს შესაძლოა “მანქანური სწავლების“ (ალგორითმის უნარის, ისწავლოს მისთვის მიწოდებული მონაცემებიდან) ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული წარმატება ყოფილიყო.

“ჭკვიანური მეთოდებით, მცირე მონაცემებსაც კი შეუძლია მთების დაძვრა ან, ამ შემთხვევაში, მათი აღმოჩენა“, - წერდა მანქანური სწავლების სპეციალისტი ვალერი მანოხინი Medium-ის ბლოგპოსტში, რომელიც საბჭოთა “ოქროს ციებ-ცხელებას“ ეძღვნებოდა.

  • რუსულმა AI-მ Apple შთააგონა?

დღეს საბჭოთა AI-ი მოდელებისთვის მადლობის თქმა შესაძლოა სილიკონის ველის ზოგიერთ გიგანტსაც მართებდეს. დასაშვებია რომ, 1993 წელს Apple-ს თავისი ტაბლეტი Newton არც კი გამოეშვა, რომ არა საბჭოთა მათემატიკოსის, შელია გუბერმანის შრომა. მეცნიერმა ის თავსატეხი გადაჭრა, რომელიც დასავლელ AI სპეციალისტებს მოსვენებას არ აძლევდა, როგორ ესწავლებინათ მანქანისთვის ხელწერის ამოცნობა.

გუბერმანის გადაწყვეტილება საბჭოთა მეწარმემ, სტეპან პაჩიკოვმა კომპანია “Paragraph“-ისთვის გამოიყენა. მოგვიანებით მის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, პერსონალური ციფრული ასისტენტის, Newton-ის შესაქმნელად უკვე “Apple“-მა დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ ეს ტექნოლოგია “Microsoft“-ზე გაიყიდა და აშშ-ის ფოსტაშიც დამკვიდრდა

საბჭოთა კავშირში შემუშავებული სხვა იდეები დღეს ხელახლა აღორძინდება. მათ შორის არის 1960-იანი წლების დასაწყისში მიხეილ ცეტლინის მიერ ჩამოყალიბებული “ავტომატის“ (automaton) კონცეფცია. ამ იდეებმა შთააგონა ნორვეგიელი კომპიუტერული მეცნიერი ოლე-კრისტოფერ გრანმო, რომელმაც 2024 წელს “ცეტლინის მანქანა“ (Tsetlin machine) წარადგინა, შექმნილი როგორც დღევანდელი დიდი ენობრივი მოდელების ( მაგალითად ChatGPT) უფრო ენერგოეფექტური ალტერნატივა.

თუმცა, ცეტლინის იდეები სავარაუდოდ დღევანდელ ე.წ. “Tech bros“ ძალიან გააღიზიანებდა. კირჩიკის თქმით, ცეტლინისთვის “ამ ავტომატების მუშაობა სრულიად გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო განსხვავებით დღევანდელი AI მოდელებისგან, რომლებიც ფაქტობრივად “შავ ყუთებს“ წარმოადგენენ“.

“საბჭოელებს იდეები არ აკლდათ, თუმცა, როგორც ცივი ომის დროს ხშირად ხდებოდა, მეცნიერებს დასავლეთის დარგობრივი რესურსები არ გააჩნდათ, მათ განკარგულებაში არსებული კომპიუტერები უმეტესწილად უბრალოდ ვერ ახერხებდნენ საჭირო გამოთვლების განხორციელებას“, - დასძენს მკვლევარი.

წყარო