ავტორი:

ესპანეთის მთავრობა სეუტაში, სადაც მიგრანტების დიდი ნაკადი შეიჭრა, სამხედროებს აგზავნის - რა ხდება ამ დროისთვის ქალაქში

ესპანეთის მთავრობა სეუტაში, სადაც მიგრანტების დიდი ნაკადი შეიჭრა, სამხედროებს აგზავნის - რა ხდება ამ დროისთვის ქალაქში

ესპანეთის მთავრობამ სეუტაში (ესპანეთის ავტონომიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში) დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ბოლო დღეებში შექმნილი მიგრაციული კრიზისია - მაროკოდან ათასობით მიგრანტი შევიდა, ხოლო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.

  • ადგილობრივმა ხელისუფლებამ მადრიდს დახმარება მას შემდეგ სთხოვა, რაც მიგრანტების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა და, მათი შეფასებით, საზღვრის კონტროლი პრაქტიკულად ჩაიშალა. სეუტას მიმღები ცენტრები უკვე გადატვირთულია, ხოლო ქალაქის ხელმძღვანელი ხუან ხესუს ვივასი აცხადებს, რომ არსებული რესურსები შექმნილ სიტუაციას ვეღარ უმკლავდება.

სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული ძალები სამოქალაქო გვარდიას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარებიან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ზომებსაც მიიღებენ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი დღეს სეუტაში ჩავა. მისი განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რეგიონში უსაფრთხოება და წესრიგი რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.

  • სიტუაციამ პოლიტიკური დაძაბულობაც გამოიწვია. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ესპანეთთან შენგენის ღია საზღვრის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს.

მისი თქმით, სეუტაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ "უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს“.

თუმცა ექსპერტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილების განხორციელება რთულია.

მელონის განცხადებას გამოეხმაურა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე ლუის ალბარესი, რომელმაც იტალია იმიგრაციის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნებისგან სოლიდარობაა მოსალოდნელი და არა "პარტიული დემაგოგია“.

  • Reuters-ის ინფორმაციით, გუშინ სეუტაში 2 000-დან 3 000-მდე მიგრანტი შევიდა, თუმცა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიას ეს რიცხვი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ამავე დროს, თვითმხილველების ინფორმაციით, მაროკოს ქალაქ ფნიდეკში, რომელიც სეუტას ესაზღვრება, სამართალდამცველებმა მიგრანტების შესაჩერებლად წყლის ჭავლიც გამოიყენეს. მსგავსი დაძაბულობა დაფიქსირდა ესპანეთის მეორე ანკლავში — მელილიაშიც,

წყარო