ავტორი:

"ზაალი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, როცა ეს ტრაგედია მოხდა..." - რას ჰყვებიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები

"ზაალი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, როცა ეს ტრაგედია მოხდა..." - რას ჰყვებიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები

"ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა!.. შენთან ერთად უნდა მოვკვდე... შვილი აღარ მყავს" -ეს სიტყვები უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედრო ზაალ ლატარიას ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ამბავი შეიტყო.

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითქმის ყველა ომის მონაწილეს, 26 წლის ქალიშვილი, ლანა ლატარია, გარდაეცვალა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლანა ლატარია საქართველოში ცხოვრობდა. არსებული ცნობებით, ის სეფსისით გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ლანა ლატარიას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამბობენ, ზაალ ლატარია ტრაგედიის დროს რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ნათესავებისგან შეიტყო.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ზაალ ლატარიას თანამებრძოლები ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. მათი განცხადებით, სამხედრო შვილის დასაკრძალად საქართველოში ბრუნდება და იმედს გამოთქვამენ, რომ მას სამშობლოში დაბრუნებისა და საზღვრის გადმოკვეთისას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება.

ზაალ ლატარია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის თითქმის ყველა ომის მონაწილეა. წლების განმავლობაში იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ხოლო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ძმასთან ერთად უკრაინაში იბრძვის. ახლა კი, ფრონტის ხაზიდან, მას ყველაზე მძიმე ბრძოლა პირად ცხოვრებაში უწევს, საკუთარ ქალიშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებს.

წაიკითხეთ ასევე: