ევროპაში ტყის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს. ევროკავშირის საგანგებო რეაგირების კოორდინაციის ცენტრის (ERCC) გაფრთხილებით, მდგომარეობა შესაძლოა უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაუარესდეს.
"შემდეგი რისკის ზონა საბერძნეთი და ცენტრალური ევროპაა. აგვისტოს დასაწყისში საფრთხის წინაშე იტალიაც აღმოჩნდება. თუ იგივე მდგომარეობა გაგრძელდება პირენეის ნახევარკუნძულზეც, მთელი ევროპა შესაძლოა ცეცხლში აღმოჩნდეს“, — განაცხადა ზუბერმა.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, 2026 წლის ზაფხული შესაძლოა ევროპის ისტორიაში ყველაზე მძიმე ხანძრების სეზონი გახდეს.
რატომ გაძლიერდა ხანძრები?
ექსპერტების შეფასებით, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით რთულია რამდენიმე ფაქტორის გამო — წვიმიანმა ზამთარმა და გაზაფხულმა მცენარეულობის ზრდა გამოიწვია, შემდეგ კი უკიდურესად ცხელმა და მშრალმა ზაფხულმა ეს მცენარეები ხანძრისთვის იდეალურ საწვავად აქცია.
ევროპაში ბოლო პერიოდში ტემპერატურის რეკორდები არაერთხელ დაფიქსირდა. ივნისი დასავლეთ ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა, ხოლო პორტუგალიაში მაისში ტემპერატურამ 40.3 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
საფრანგეთი

საფრანგეთში მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. ქვეყნის ტერიტორიაზე წელს უკვე 160 000 ჰექტარზე მეტი დაიწვა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მაჩვენებლად ითვლება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხანძრებს „სრულიად უპრეცედენტო“ უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ ვითარებას ებრძვის.
თუმცა ბოლო დღეებში ვითარება ნაწილობრივ გაუმჯობესდა — ხანძრის რამდენიმე კერა სტაბილიზებულია, ტემპერატურამ დაიკლო და ევაკუირებულ მოსახლეობას სახლში დაბრუნების უფლება მიეცა.
ესპანეთი

ესპანეთში რამდენიმე მასშტაბური ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მადრიდის დასავლეთით, სიერა-ოესტეს რეგიონში გაჩენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მადრიდისა და ავილას რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის დასრულება შესაძლებელია, რადგან ვითარება დასტაბილურდა.
თუმცა ქვეყანაში საფრთხე კვლავ მაღალი რჩება. ესპანეთის ჩრდილოეთის დიდი ნაწილი „წითელ“ ზონად გამოცხადდა.
პორტუგალია
პორტუგალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში, ასევე ალგარვეს რეგიონში, ხანძრის უმაღლესი საფრთხის დონე მოქმედებს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი ქალაქ ვალპასოსთან გაჩნდა, სადაც დაახლოებით 24 000 ჰექტარი დაიწვა. ხელისუფლების განცხადებით, ხანძრის დიდი ნაწილი კონტროლს ექვემდებარება, თუმცა რამდენიმე აქტიური კერა კვლავ არსებობს.
საბერძნეთი

საბერძნეთში ხანძრები რამდენიმე კუნძულზე მძვინვარებს. კრეტაზე ცეცხლი განსაკუთრებით რთულად კონტროლდება — ძლიერი ქარი ხელს უშლის ავიაციის ჩართვას.
ხანძრებთან ბრძოლას სამი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთ-ერთი საკურორტო ზონიდან დაახლოებით 8 000 დამსვენებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხანძრები დაფიქსირდა ასევე პაროსისა და ლესბოსის კუნძულებზე.
თურქეთი და იტალია

სამხრეთ თურქეთში, ანტალიისა და მუღლას რეგიონებში, სადაც ბევრი ტურისტული კურორტია, ტყის ხანძრებს ძლიერი ქარი ავრცელებს.
იტალიაში კი ხანძრები უკვე რამდენიმე რეგიონს შეეხო — მათ შორის სიცილიას, კალაბრიას, სარდინიას, აპულიას, ტოსკანასა და უმბრიას.
აპულიაში ასობით ადამიანის, მათ შორის ტურისტების, ევაკუაცია გახდა საჭირო. სიცილიაში კი, სადაც ტემპერატურამ 43 გრადუსს მიაღწია, ათობით ხანძარი გაჩნდა.
ევროკავშირის პროგნოზის მიხედვით, ჩრდილოეთ იტალიას აგვისტოს დასაწყისში „ექსტრემალური პირობები“ ემუქრება.
დიდი ბრიტანეთი
ტყის ხანძრების საფრთხე გაიზარდა დიდ ბრიტანეთშიც. საფოლკში ოთხშაბათს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად 90-მდე მეხანძრე მუშაობს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი გვალვისა და მცირე ნალექის გამო, განსაკუთრებით ინგლისის სამხრეთ ნაწილში, ნებისმიერი ახალი ხანძარი შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.
გვალვის პირობები უკვე ქვეყნის დიდ ნაწილშია, მათ შორის ლონდონში, აღმოსავლეთ ინგლისში, ჰემფშირში, დევონსა და უელსში.