ამ ზაფხულს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ზვიგენების გამოჩენის გახშირების ფონზე, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა (NYPD) ქალაქის პლაჟების საპატრულოდ დრონებს გამოყენება დაიწყო.
ეს მაშველებს შესაძლებლობას აძლევს, ზვიგენები ჰაერიდან მანამდე შენიშნონ, სანამ ისინი მოცურავეებს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდებიან.

ნიუ-იორკის პოლიციის ტექნიკური დახმარების რეაგირების განყოფილება (TARU) საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დრონებს სხვადასხვა ამოცანისთვის იყენებს: წყალში, განსაცდელში ჩავარდნილი მოცურავეების გადარჩენისა და სამძებრო-საშველო ოპერაციებში დახმარებიდან დაწყებული, ხალხმრავალი სანაპიროების მონიტორინგითა და ზვიგენების თვალთვალით დამთავრებული.

მაშველებთან ერთად მომუშავე სპეციალიზებული და მაღალტექნოლოგიური დანაყოფის ოფიცრები ქალაქის პლაჟების თავზე პატრულირებენ და ოკეანის ყველაზე შიშისმომგვრელი მტაცებლებისგან თავის დასაცავად საჰაერო, პრევენციულ ბარიერს ქმნიან.

როდესაც ზვიგენი დაფიქსირდება, რაც ამ ზაფხულს უკვე ჩვეულ ამბად იქცა, დრონის ოპერატორები დაუყოვნებლივ აფრთხილებენ მაშველებს, რომლებსაც თავის მხრივ უკვე მოცურავეებს ამოჰყავთ წყლიდან.
ფლორიდის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის მონაცემებით, 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ლონგ-აილენდისა და ნიუ-იორკის წყლებში ზვიგენის მხრიდან არაპროვოცირებული დაკბენის მხოლოდ 12 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ბოლო წლებში მსგავსი, არასასიკვდილო ინციდენტების მატება შეინიშნება. ამიტომ პოლიციის დრონებით პატრულირება დაცვის დამატებით ფენას ქმნის და მაშველებს ეხმარება, ზვიგენები მანამდე შენიშნონ, სანამ მოცურავეები საფრთხეში აღმოჩნდებიან.