მსოფლიოს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა - Microsoft-მა, Meta-მ, Google-მა, Apple-მა და Amazon-მა, უოლ-სტრიტს თავიანთი კვარტალური ფინანსური ანგარიშები წარუდგინეს. მთავარი ტენდენცია ნათელია: ყველა მათგანი ხელოვნურ ინტელექტში (AI) კოლოსალური თანხების დაბანდებას აგრძელებს.
თუმცა, ინვესტორები 1 ტრილიონ დოლარამდე გაზრდილი ხარჯების ფონზე რეალურ, ხელშესახებ შედეგებს ითხოვენ. ამან ბოლო დღეებში ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასების სერიოზული მერყეობა გამოიწვია.
ვითარება იმდენად რთულია, რომ Google-ის მფლობელმა კომპანია Alphabet-მა, ისტორიაში პირველად, უარყოფითი თავისუფალი ფულადი ნაკადი აჩვენა, რადგან AI-ზე იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე გამოიმუშავა.
Meta-ს Reality Labs-მა კი, რომელიც AI-ზე მუშაობს, წლის პირველ ნახევარში 9 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მარკ ცუკერბერგის განცხადებამ, რომ Meta ავტონომიურ AI-აგენტზე მუშაობს, ინვესტორები ვერ დაამშვიდა, რადგან პროექტის დასრულების ვადები ბუნდოვანია. შედეგად, კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა.
ამის საპირისპიროდ, Microsoft-ისა და Amazon-ის აქციები გაიზარდა. ექსპერტების თქმით, Microsoft-ის მასშტაბური ინვესტიციები უკვე იწყებს პირველი მოგების მოტანას.
Apple-ის გეგმები და ახალი Siri მიუხედავად ხარჯებისა, ტექნოლოგიებზე მოთხოვნა კვლავ დიდია. Google-ის Gemini-ს უკვე 950 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. Apple კი აცხადებს, რომ iPhone-ისა და Mac-ის გაყიდვები მოსალოდნელზე მაღალია.
კომპანია განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს Siri-ს განახლებაზე, რომელიც Google-ის Gemini ჩატბოტის დახმარებით მოხდება. ტიმ კუკის თქმით, Apple განიხილავს ფასიანი პაკეტების შეთავაზებას იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც ახალი Siri-ს გაძლიერებული ფუნქციების გამოყენება დასჭირდება.