ავტორი:

ნიუ-იორკში მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა - რა არის “ბურბონის დაავადება“, რომლის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს

ნიუ-იორკში მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა - რა არის “ბურბონის დაავადება“, რომლის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს

ნიუ-იორკის შტატში, კერძოდ ლონგ-აილენდზე, პირველად დაფიქსირდა იშვიათი და პოტენციურად სასიკვდილო “ბურბონის ვირუსის“ (Bourbon virus) შემთხვევა. დაავადება, რომელიც მსოფლიოში აქამდე მხოლოდ რამდენიმეჯერ იყო დადასტურებული, 67 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს მხოლოდ “აისბერგის მწვერვალია“ და რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია.

  • ვინ გადააქვს საშიში სენი და რატომ არის ის უხილავი?

ვირუსის გადამტანი ე.წ. “Lone Star“ ტკიპაა, რომლის ამოცნობა მდედრებზე არსებული თეთრი წერტილით არის შესაძლებელი. ეს ტკიპები აგრესიულობით გამოირჩევიან და ადამიანებს მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით უტევენ.

ექიმ ლუის მარკოსის განცხადებით, ბევრი მედიკოსი ამ ვირუსს საერთოდ არ იცნობს, რაც დიაგნოსტირებას ართულებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი უკვე აქტიურად ვრცელდება ნიუ-იორკის შტატის ირმებშიც. ამ დროისთვის ბაზარზე არ არსებობს კომერციული ტესტი ამ დაავადების გამოსავლენად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი შემთხვევა შესაძლოა საერთოდ დაუდგენელი რჩებოდეს.

  • სიმპტომები, რომლებიც ლაიმის დაავადებაში არ უნდა აგერიოთ

დაავადების სიმპტომები ტკიპის ნაკბენიდან 2-7 დღეში ვლინდება. ძირითადი ნიშნებია:

  1. ძლიერი თავის ტკივილი,
  2. დაღლილობა და სისუსტე;
  3. გულისრევა და ღებინება;
  4. კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
  5. სპეციფიკური გამონაყარი კანზე;
  6. სისხლში თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების რაოდენობის კლება, რაც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლასა და სისხლის შედედებას ურთულებს.

ხშირად სიმპტომები სხვა დაავადებებს ჰგავს, რის გამოც პაციენტს შეცდომით ანტიბიოტიკებს აძლევენ, რაც ვირუსზე საერთოდ არ მოქმედებს.

ვირუსი განსაკუთრებით საშიშია, რადგან მას არ გააჩნია სპეციალური წამალი ან ვაქცინა. ექიმები მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას ატარებენ, როგორიცაა ჰიდრატაცია და ტკივილგამაყუჩებლები.

ცნობილი შემთხვევებიდან ორი ფატალურად დასრულდა - ერთ-ერთ პაციენტს ვირუსმა გული, თირკმელები და ფილტვები დაუზიანა. რაც შეეხება ნიუ-იორკელ 67 წლის პაციენტს, მაიკლ ლარკინს, ის ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა.

მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ:

მოერიდეთ მაღალ ბალახს და ტყიან ადგილებს, ისეირნეთ მხოლოდ ბილიკების ცენტრში;

ატარეთ გრძელსახელოიანი ტანსაცმელი და შარვალი წინდებში ჩაიტანეთ;

გამოიყენეთ სპეციალური რეპელენტები (მაგ. DEET);

გარეთ ყოფნის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ სხეული ტკიპებზე.

წყარო