ავტორი:

ძლიერი მიწისძვრა ნეაპოლში - დაზიანდა შენობები, გაითიშა ელექტროენერგია, შეფერხდა მეტროს მუშაობა, მოქალაქეები პანიკამ მოიცვა: რას წერს ადგილობრივი მედია?

ძლიერი მიწისძვრა ნეაპოლში - დაზიანდა შენობები, გაითიშა ელექტროენერგია, შეფერხდა მეტროს მუშაობა, მოქალაქეები პანიკამ მოიცვა: რას წერს ადგილობრივი მედია?

იტალიაში, ნეაპოლში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად გაითიშა ელექტროენერგია, შეფერხდა მეტროსა და მატარებლების მუშაობა, დაზიანდა შენობები.

  • იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ეპიცენტრი ნეაპოლის დასავლეთით მდებარე კამპი ფლეგრეის რაიონში იყო, დაახლოებით 3 კილომეტრის სიღრმეზე.

იტალიის სახანძრო სამსახურის ცნობით, ნეაპოლსა და მის შემოგარენში რამდენიმე შენობის უმნიშვნელო დაზიანების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, თუმცა ამ დროისთვის სამაშველო დახმარების ან მოსახლეობის ევაკუაციის მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.

უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეჩერდა ადგილობრივი მატარებლებისა და მეტროს მოძრაობა.

იტალიური მედიის ცნობით, ეს რეგიონში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მიწისძვრად მიიჩნევა. ბიძგების დროს რამდენიმე უბნის მცხოვრებლები პანიკამ მოიცვა.

კამპი ფლეგრეი - ეს არის მჭიდროდ დასახლებული ვულკანური კალდერა, რომელიც ნეაპოლის დასავლეთ ნაწილს მოიცავს. ბოლო წლებში იქ სეისმური აქტივობა მნიშვნელოვნად გახშირდა, რის გამოც, მთავრობამ მონიტორინგი გააძლიერა.

  • მიუხედავად იმისა, რომ მცირე მიწისძვრები ამ ტერიტორიაზე ხშირია, შედარებით ძლიერმა ბიძგებმა გააძლიერა შიში, რომ შესაძლოა განმეორდეს 1980-იანი წლების დასაწყისის სეისმური კრიზისი, რომელმაც რეგიონში მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება აიძულა.

ბოლოს ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში 1980 წლის ნოემბერში, სამხრეთ იტალიაში მოხდა. 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრამ დაახლოებით 2 700 ადამიანი იმსხვერპლა და ასობით ქალაქი და დასახლება გაანადგურა.