ავტორი:

ბელარუსში ქვეყნიდან გაქცევის ახალი გზა გამონახეს - ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან აღმოაჩინა გვირაბები, რომელსაც სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტების გადასაყვანად იყენებდნენ

ბელარუსში ქვეყნიდან გაქცევის ახალი გზა გამონახეს - ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან აღმოაჩინა გვირაბები, რომელსაც სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტების გადასაყვანად იყენებდნენ

ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ბელარუსის საზღვართან მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტების ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასაყვანად იყო გათხრილი. ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გვირაბი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვარენას რაიონში აღმოაჩინეს. მესაზღვრეების ინფორმაციით, თავდაპირველად მიწის ვიბრაციები დაფიქსირდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ გვირაბის გათხრა ბელარუსის მხრიდან მიმდინარეობდა.

ოპერაციაში ლიეტუველ მესაზღვრეებთან ერთად პოლონელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც მიწისქვეშა გვირაბების აღმოჩენის მიმართულებით გამოცდილებას ფლობენ. ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, გვირაბის დიამეტრი დაახლოებით ერთი მეტრია, ხოლო სიღრმე – დაახლოებით 1,5 მეტრი.

ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტამას ლიუბაევასის განცხადებით, ბოლო პერიოდში არალეგალი მიგრანტების მოქმედების ტაქტიკა შეიცვალა და ისინი საზღვრის უკანონოდ გადასაკვეთად სულ უფრო ხშირად იყენებენ მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნებრივ გამოქვაბულებს.

"ბოლო დროს ვხედავთ, რომ მიგრანტების ტაქტიკა იცვლება – ისინი სულ უფრო ხშირად იყენებენ გვირაბებსა და გამოქვაბულებს", – განაცხადა ლიუბაევასმა გამოცემა 15min-თან.

მისივე თქმით, მესაზღვრეებმა ათობით სხვა ადგილიც გამოავლინეს, სადაც შესაძლოა, მსგავსი მიწისქვეშა გადასასვლელები არსებობდეს. მისი შეფასებით, ასეთი გვირაბების მოწყობა ბელარუსის ხელისუფლების მხარდაჭერის ან, სულ მცირე, თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

"ჩვენ პრაქტიკულად ეჭვი არ გვეპარება, რომ ბელარუსის ხელისუფლება ან თვალს ხუჭავს ამ საქმიანობაზე, ან აქტიურად უწყობს ხელს მიგრანტებს გვირაბების გათხრაში. შესაძლოა, თავად არ თხრიან მათ, თუმცა სამუშაოები აშკარად მათი კონტროლის პირობებში მიმდინარეობს" - განაცხადა ლიუბაევასმა.

მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა. მიგრანტების გადასაყვანად გამოყენებული მიწისქვეშა გვირაბები მანამდე როგორც ლიეტუვაში, ისე პოლონეთშიც აღმოაჩინეს.

წყარო