ავტორი:

"შეშინებულები ვართ. პოლიცია გადატვირთულია, სასწრაფოდ დახმარება გვჭირდება" - რა ხდება ესპანეთში მიგრანტების შეჭრის შემდეგ: ადგილობრივები ხელისუფლებას აკრიტიკებენ

"შეშინებულები ვართ. პოლიცია გადატვირთულია, სასწრაფოდ დახმარება გვჭირდება" - რა ხდება ესპანეთში მიგრანტების შეჭრის შემდეგ: ადგილობრივები ხელისუფლებას აკრიტიკებენ

სეუტაში მიგრანტების უპრეცედენტო რაოდენობით შესვლის შემდეგ ესპანეთში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება. მოსახლეობის ნაწილი პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საზღვრებზე კონტროლი დაკარგა.

  • ადგილობრივ მედიასთან და The New York Post-თან საუბრისას მოქალაქეები ამბობენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ და ქვეყანაში არსებული მიგრაციული პოლიტიკის გამო ესპანეთის მომავლით შეშფოთებულები არიან.

"როგორ შეიძლება ნორმალური იყოს, როცა ადამიანებს საკუთარი სახლების ტერასებზე ეკლიანი მავთულხლართების გაბმა უწევთ? ეს უკვე აღარ ჰგავს იმ ესპანეთს, რომელსაც ადრე ვიცნობდით,“ – ამბობს მედიასთან ერთ-ერთი ესპანელი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში არალეგალური მიგრაციის ზრდასთან ერთად, დანაშაულიც გახშირდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მიგრანტმა მისი ავტომობილის გატეხვა სცადა, ხოლო მისი ბაბუის მანქანა, მისი თქმით, სამჯერ მოიპარეს.

სეუტის მცხოვრებლებმა უკმაყოფილება ესპანურ ტელეკომპანია Antena 3-თან ინტერვიუებშიც გამოხატეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა შექმნილ ვითარებაში პრემიერ მინისტრი დაადანაშაულა, ხოლო კიდევ ერთმა მცხოვრებმა, როსიო გილმა, განაცხადა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობს თავს.

"შეშინებულები ვართ. პოლიცია გადატვირთულია, სასწრაფოდ დახმარება გვჭირდება. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს", - თქვა მან.

მოვლენებს ოპოზიციაც გამოეხმაურა. სანტიაგო აბასკალმა, პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სწორედ მთავრობის პოლიტიკაა პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

  • კრიტიკული განცხადება გააკეთა მადრიდის რეგიონის პრეზიდენტმა, ისაბელ დიას აიუსომაც. მისი თქმით, ხელისუფლებამ სეუტაში შექმნილი ვითარება ვერ მართა და საზღვარზე არსებული კრიზისი სათანადოდ ვერ აღკვეთა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო დღეებში სეუტაში მაროკოს მხრიდან ათიათასობით მიგრანტი შევიდა, რამაც ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი დებატები გამოიწვია.

წყარო