თბილისში, მოსკოვის გამზირზე, ოთხსართულიანი კორპუსის ეზოში ულამაზესი ბაღი გამვლელების ყურადღებას მუდმივად იქცევს. ამ ბაღში სხვადასხვა უბნიდან დასასვენებლად ადამიანიები ყველდღე მიდიან და ამ სილამაზით ტკბებიან.
მისი პატრონი კი აფხაზეთიდან დევნილი, პროფესიით მედდა ნუნუ გოგოხია გახლავთ. დევნილობაში ნუნუ გოგოხიას პროფესიით აღარ უმუშავია, თუმცა 87 წლის ქალს ბაღი საოცრად მოვლილი აქვს. ამბობს, რომ ეზო-კარი გალშიც ლამაზი ჰქონდა და ამიტომაც გადაწყვიტა, თბილისის იმ გარემოში, სადაც დასახლდა, "საკუთარი ეზოს მსგავსი" ბაღი გაეშენებინა.
ეზოს მოწყობაში მეუღლეც ეხმარებოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ ბაღის მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე აიღო. მისი დილა მცენარეების მოვლით იწყება.
ნუნუ გოგოხია:
"აფხაზეთში გვქონდა ასეთი სილამაზე და მისი სიყვარულით დავიწყე ამ ეზოს გაკეთება თბილისში. აფხაზეთიდან 1992 წელს წამოვედი, იქ ბედნიერად ვცხოვრობდი, 3 შვილი მყავდა, მაგრამ რა მექნა, სიცოცხლე მერჩივნა და წამოვედით, შიშით. ჩემი გული აფხაზეთია, მაგრამ რა ვქნა? სულ ვტიროდი, რა დავტოვე, რა დავტოვე-მეთქი? მიყვარს ყველაფრის გალამაზება, ამიტომ გადავწყვიტე, ეს ეზო გამელამაზებინა. მიხარია სახელმწიფო მიწას რომ ვალამაზებ. მერია თუ მოვა, ნახავს ამას და დამეხმარება, მთელ ქუჩას გავაგრძელებ და გავალამაზებ. მთელი უბანი აქ მოდის, ერთობიან და მიხარია.
ყველაფერი, რასაც ამ ბაღში ხედავთ ჩემი ხელით არის გაკეტებული: ბატები, იხვები, ფარშევანგები, არწივი. აუზიც კი ჩემი ხელით გავაკეთე, ორი კვირა ვაკეთებდი.
ყველაფერს "იუთუბიდან" ვსწავლობ, დავინახავ და ვაკეთებ. სიკვდილამდე არ გავჩერდები," - გვეუბნება ნუნუ გოგოხია.