12 წელია დედა, სოფო ბაბილაშვილი, 17 წლის ვაჟს ეძებს, რომელიც თბილისიდან ლომისობაზე ჩავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გურამი მლეთაში მეგობარი ახალგაზრდების ჯგუფს გაჰყვა. ყველა მათგანი, 13 ადამიანი, თბილისში ისე დაბრუნდა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს პასუხი, სად გაქრა მათი მეგობარი გურამი და რატომ არ დაბრუნდა მათთან ერთად.
მას შემდეგ 12 წელია, დედა ელოდება პასუხებს, ეძებს შვილს და ამბობს, რომ გამომძიებელი მასთან არასოდეს მისულა, არასოდეს დაუკითხავთ, გურამთან ერთად ლომისობაზე მყოფი ახალგაზრდებმა კი მასთან არანაირი კონტაქტი არ ისურვეს და სოციალურ ქსელებშიც დაბლოკეს.
როგორც დედა პოდკასტში "შენი ამბავი თაიასთან" იხსენებს, გურამი მამიდასთან იყო სტუმრად თბილისში და მეზობელ ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე წავიდა.
"ექსკურსიაზე მივდივართო, მითხრა. ღამის 10 სათზე წასულან ბავშვები, 14-ნი იყვნენ სულ. მაღლა ავიდნენ მთაზე ტაძარში, მოილოცეს და დაბლა ბრუნდებოდნენ. ყველა 17 წლის ასაკის იყო, ერთი უფროსი ახლდათ კახა გელაშვილი. ორი გოგო ჰყავს, იმათ გავყევიო, როგორც თვითონ იძახის ეხლა. მაშინ ვიცოდი, რომ ბავშვები წაიყვანა ექსკურსიაზე. ბიჭებიც იყვნენ და გოგოებიც, არ ვიცნობ მათ, სახელი და გვარებიც არ ვიცი. ვისიც ვიცი, გურიკას მეგობრებიდან დავიმატე და იმათაც დამბლოკეს... რომ ჩამოვიდნენ, მამიდამისს უთხრეს, რომ გურიკას გზა აერიაო და აქ ხომ არ მოვიდაო. იქნებ მარშრუტკას ვერ მიაგნოო. თავიდან მითხრა გელაშვილმა, რომ გზა ერიაო და მოვაო. რამდენი დღის მანძილზეც ვიარეთ მოსაძებნად, იმდენი დღე იძახდა, რომ მოვაო. დღესაც რომ დავურეკოთ ტელეფონზე, დღესაც გეტყვით, რომ გურამი დაიმალა და მოვა... თქვეს, რომ გურამი ქვაზე დაჯდა და გაქრა. ორ წამში გაქრაო," - ამბობს სოფო ბაბილაშვილი.