მსოფლიო მთამსვლელობის ლეგენდა, ბრიტანელ-ნეპალელი ნირმალ პურჯა, პაკისტანში, ბროუდ-პიკზე მომხდარი მასშტაბური ზვავის შედეგად დაიღუპა. 43 წლის რეკორდსმენთან ერთად, სტიქიას კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას მისი კომპანია Elite Expeditions-ი ადასტურებს.
დაღუპულთა შორის უკვე იდენტიფიცირებულია ამერიკელი მელორი გეისი, ომანელი ნადირა აჰმედ აბდულა ალ ჰარტი და ნეპალელი პურ ბაჰადურ გურუნგი. მაშველებმა ზოგიერთი ცხედარი უკვე იპოვეს, თუმცა რთული პირობების გამო მათთან მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ნირმალ პურჯა, რომელიც “ნიმსის“ სახელით იყო ცნობილი, მსოფლიო ყურადღების ცენტრში 2019 წელს მოექცა. მან დაამყარა წარმოუდგენელი რეკორდი - მსოფლიოს 14-ივე უმაღლესი მწვერვალი (8 000 მეტრზე მეტი) სულ რაღაც 189 დღეში დაიპყრო, რითაც წინა რეკორდი 7 წლით გააუმჯობესა.
მისმა თავგანწირვამ ასახვა ჰპოვა Netflix-ის გახმაურებულ დოკუმენტურ ფილმში “14 მწვერვალი: შეუძლებელი არაფერია“.
“იმედი მაქვს, დავამტკიცე, რომ მონდომებით, საკუთარი თავის რწმენითა და პოზიტივით ყველაფერი შესაძლებელია“, - ამბობდა ის.

სანამ მთამსვლელობას დაიწყებდა, პურჯა 16 წლის განმავლობაში ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა, საიდანაც 10 წელი ელიტარულ სპეცდანიშნულების ძალებში გაატარა. ის იყო პირველი გურქა, რომელმაც ევერესტი დაიპყრო. თავისი მიღწევებისთვის მან დედოფლისგან ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო.
ტრაგედიას გამოეხმაურა უელსის პრინცი უილიამიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნირმალ პურჯა იყო გამორჩეული ჯარისკაცი და ერთ-ერთი უდიდესი მთამსვლელი. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ვეს სტრიტინგმა კი მას “ინსპირაციული ადამიანი“ უწოდა.
ნირმალ პურჯა ჰემფშირში ცხოვრობდა მეუღლესთან და 3 წლის ქალიშვილთან ერთად. მისმა ძმამ, კამალმა, სოციალურ ქსელში დაწერა: “ჩვენი გულები გატეხილია, მაგრამ შენით ვამაყობთ. შენი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს“.