რუსულმა დრონმა ხარკოვის გამომცემლობის საწყობს ცეცხლი გაუხსნა და შაბათს მილიონობით წიგნი დაიწვა, რაც ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინული იდენტობის წაშლის მიზნით წიგნების დაწვის სისტემატიური კამპანიის ნაწილია.
The Kyiv Independent-ის ცნობით, უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლის 10 000 კვადრატული მეტრის ფართობის საწყობზე თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. "გამანადგურებელი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი, შესაძლოა, 7 მილიონ დოლარს მიუახლოვდეს",- განაცხადა გამომცემლობის გენერალურმა დირექტორმა, ვიქტორ კრუგლოვმა. "ეს არ იყო შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული დარტყმა წიგნების საწყობზე. ყველა თანამშრომელი ცოცხალია, თუმცა საწყობში შესვლა ახლა შეუძლებელია, რადგან ტემპერატურა ასობით გრადუსია, ყველაფერი ცეცხლის ალში გიზგიზებს".

კრუგლოვისავე თქმით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე მილიონი წიგნი განადგურდა, მათ შორის ბევრი საბავშვო სახელმძღვანელო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი სკოლა სასწავლო წლის დასაწყისისთვის სახელმძღვანელოებს ვერ მიიღებს.
უკრაინის წიგნის ინსტიტუტის მონაცემებით, მხოლოდ ივლისში, უკრაინის წიგნის ინდუსტრიაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად 1,5 მილიონზე მეტი წიგნი განადგურდა, რადგან კრემლი ქვეყნის ეროვნული იდენტობის განადგურების კამპანიას აწარმოებს.

ყველაზე მასშტაბური თავდასხმა 2 ივლისს მოხდა, როცა რუსებმა დაახლოებით 900 000 წიგნი გაანადგურეს, ხოლო კიევზე 19 ივლისს განხორციელებული ბლიციური თავდასხმის დროს 250 000-მდე წიგნი დაიწვა.

ივლისი ომის დაწყებიდან ყველაზე სისხლიანი თვე იყო უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის - სულ მცირე 377 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 129 დაშავდა.
წყარო: nypost.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა