საბერძნეთის პოლიციამ შოტლანდიელი ტურისტის, 38 წლის ელისაბეთ-ჯეინ როსის მკვლელობის საქმეზე 26 წლის მამაკაცი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, დაკავებული ავღანეთის მოქალაქეა და მან გამოძიებისას აღიარა, რომ ქალის ცხედარი ჩემოდანში დამალა და ათენის კიფსელის რაიონში მდებარე მიტოვებულ შენობაში გადაიტანა.
-
ელისაბეთ-ჯეინ როსი საბერძნეთში 26 ივნისს ჩავიდა. თავდაპირველად პირეოსში, მოგვიანებით კი კერაცინის რაიონში მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა. 18 ივლისს, მისი ცხედარი ჩემოდანში იპოვეს.

- პოლიციის ინფორმაციით, კამერების ჩანაწერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს. გამოძიების ვერსიით, მან ქალის გარდაცვალების შემდეგ მისი საბანკო ბარათებით თანხაც გაანაღდა.
დაკავებულს ამ ეტაპზე გაუფრთხილებლობით მკვლელობას, ძარცვასა და იარაღის უკანონოდ ფლობას ედავებიან, თუმცა საბერძნეთის სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად, ბრალდებების საბოლოო ფორმულირება ჯერ არ დასრულებულა.
პოლიციამ ეჭვმიტანილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტის რეპლიკა და დანა ამოიღო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
საქმეზე გამოძიება საბერძნეთის, შოტლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლობით მიმდინარეობს.
წყარო