კადრების პირველად დანახვისას შესაძლოა ისინი რომელიმე ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკური ბლოკბასტერის პერსონაჟებში აგერიოთ, თუმცა, აღბეჭდილი რობოტი სრულიად რეალურია.
Origin-F1 ასე ჰქვია ჩინური რობოტექნიკური კომპანია “AheadForm“ -ის ახალ ნამუშევარს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მიმიკური ალგორითმების წყალობით, რობოტის სახის გამომეტყველება და მოძრაობები შემაძრწუნებლად ბუნებრივად გამოიყურება, რაც სრულიად განსხვავდება იმ „უცნაური არაბუნებრივი ეფექტისგან“, რომელიც ხშირად ახასიათებთ მსგავს მოწყობილობებს.

მისი შეძენისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის გაღება მოგიწევთ: Origin-F1-ის სავარაუდო ფასი, კომპლექტაციის მიხედვით, 50,000-დან 173,000 დოლარამდე მერყეობს. თუმცა, როგორც ჩანს, მაღალი ფასი ენთუზიასტებს არ აშინებთ, სოციალურ ქსელებში მის ხელში ჩასაგდებად უკვე რიგი დგას.

“რეალურ სამყაროში ადამიანთან ინტერაქციისთვის განკუთვნილი ულტრა-ბიონიკურ ჰუმანოიდური რობოტი“ - ეს მწარმოებლის მიერ Origin-F1-ისთვის მიცემული დახასიათებაა.
“AheadForm“-ი თქმით, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები ჰუმანოიდის მიმიკას, თვალების მოძრაობასა და მეტყველებას სინქრონულად მართავენ, ხოლო ე.წ. “თავისუფლების ხარისხი“ (degrees of freedom), რობოტს საშუალებას აძლევს უმცირესი მიკრო-ექსპრესიებიც კი ზუსტად გამოხატოს.
Origin-F1 “ბიონიკურ მექანიკურ დიზაინსა და მულტიმოდალურ ხელოვნურ ინტელექტს აერთიანებს, იმ მიზნით, რათა ფიზიკურ სხეულში ბუნებრივი, ცოცხალი და მუდმივად განვითარებადი ინტერაქციული გამოცდილება შექმნას“ - აცხადებენ AheadForm-ში.

ოფიციალურ ვებგვერდზე Origin-F1 ორი გარეგნობით: “Black“ (შავთმიანი ქალის ჰუმანოიდი) და “White“ (ქერათმიანი) არის წარმოდგენილი. თუმცა კომპანია ირწმუნება, რომ მომავალში პერსონაჟის გარეგნობის შეუზღუდავი ვარიაციები იქნება შესაძლებელი.
ახალი ანდროიდების გამოჩენას სოციალურ ქსელებში უამრავი გამოხმაურება აქვს.
“მამაჩემი ფულს სახლისთვის აგროვებდა, მე კი ჩემი მომავალი ოცნების რობოტი-გოგოსთვის ვზოგავ;“
“თვალების დახამხამება ყველაზე რეალურია, რაც კი ოდესმე რობოტში მინახავს. ძალიან ბუნებრივი და შთამბეჭდავია!“
“გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გაყიდოთ, ნებისმიერ თანხას გადავიხდი," - წერენ მომხმარებლები