ავტორი:

"ჩემმა გოგომ რომ გაიგო, ვაბარებდი, თავში ხელები წაიშინა" - გაიცანით 60 წლის აბიტურიენტი: რატომ გადაწყვიტა ბაგრატიონთა შთამომავალმა პედაგოგმა გამოცდებზე გასვლა

"ჩემმა გოგომ რომ გაიგო, ვაბარებდი, თავში ხელები წაიშინა" - გაიცანით 60 წლის აბიტურიენტი: რატომ გადაწყვიტა ბაგრატიონთა შთამომავალმა პედაგოგმა გამოცდებზე გასვლა

აჭარაში მცხოვრები 60 წლის აბიტურიენტი ინგა ბაგრატიონი გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო სულაც არ არის და ელოდება სტუდენტობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

"60 წლის აბიტურიენტი" - ამ სიტყვათა შეთანხმებას რომ ვამბობ, მეღიმება, აქ ცოტა თვითირონიაც არის. ზოდიაქოთი ტყუპი ვარ, აღმოსავლური კალენდრით კი - ცეცხლოვანი ცხენის წელში დაბადებული. იაპონიასა და ჩინეთში 1966 წელს შობადობა 30%-ით შემცირდა, რადგან ამ წელს დაბადებული ქალები რთული ასატანები არიანო... თუმცა არსებობს ასეთი შეხედულებაც, რომ ამ წელს დაბადებული ქალი თუ 60 წელს გადააბიჯებს, მერე დიდხანს ცოცხლობს... ჰოდა, მივაღწიე 60 წელს, აღვნიშნე კიდეც საყვარელ ადამიანებთან ერთად და დავფიქრდი: თუკი ასე დიდხანს უნდა ვიცოცხლო, რატომ არ უნდა შევცვალო რაღაცები ჩემს ცხოვრებაში?“ - გვეუბნება ინგა ბაგრატიონი და ჩვენს შეკითხვებს გულწრფელად და საინტერესოდ პასუხობს:

- შვილები უკვე თავის გზაზე არიან, ფიზიკურად აღარ ვჭირდებით იმ დონეზე, როგორც პატარაობისას. ამიტომ ჩავთვალე, რომ ახალი ნაბიჯის გადადგმის დრო იყო.ბოლო დროს თურქული ლიტერატურის გაცნობისას მივხვდი, რომ ის განსხვავდება იმ აკადემიური ევროპული კლასიკისგან, რაზეც გავიზარდეთ და ამ ყველაფერმა ძალიან დამაინტერესა. მოგვიანებით, სკოლიდან ორჯერ ვიყავი სტამბოლში ექსკურსიაზე. სტამბოლი უდიდესი იმპერიის დედაქალაქია და საოცრად შთამბეჭდავი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე... მოკლედ, ყველაფერმა, რაც თურქეთს ეხებოდა, ძალიან დამაინტერესა... თურქეთი ჩემს მეხსიერებაში საკმაოდ ჩამორჩენილი ქვეყნიდან, როგორც მინიმუმ, ჩვენს რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად იქცა.

ამიტომ მაინტერესებს ამ ყველაფრის ძირფესვიანად შესწავლა. ზოგჯერ ასეც კი ვხუმრობ: ერთი იმპერიის (რუსეთი) ენა, კულტურა, ლიტერატურა თუ ისტორია ვიცი, მეორისა რატომ არ უნდა ვიცოდე-მეთქი?!.და კიდევ, იყო ერთი მომენტიც, - ჩემს კოლეგებთანაც გავაჟღერე - აი, ჩვენ რა წარმოდგენაც გვაქვს თურქეთზე, ისტორიულ წარმოდგენას ვგულისხმობ, მაინტერესებს, თურქეთისთვის - ოსმალეთის იმპერიისთვის - ჩვენ რას ვნიშნავდით, რა ვიყავით? რას გვერჩოდნენ, რატომ მოდიოდნენ? ანუ, იქიდან დანახული საქართველოც მაინტერესებს. შეიძლება დიდი მოლოდინები მაქვს თურქოლოგიის ფაკულტეტისგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ენისა და ლიტერატურის გარკვეულ დონეზე შესწავლით უკვე შევძლებ, რაღაცებს ჩემითაც მივხვდე.

- ქულებით კმაყოფილი ხართ?

- ჩემი ქულები, რა თქმა უნდა, არ არის უმაღლესი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე, როცა რეგისტრაცია უკვე მთავრდებოდა. "რატომაც არა?“ - ვთქვი და რეგისტრაცია ბოლო დღეებში გავიარე.

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში მივიღე 52 ქულა 60-დან.
  • ისტორიაში, რომელსაც სკოლის შემდეგ არ შევხებივარ - 35 ქულა 60-დან.
  • რუსულში მივიღეთ 70-დან 70 ქულა.
  • ლიტერატურაში - 70-დან 60 ქულა.

- გამოცდებზე რა ემოცია, გრძნობა გქონდათ?

- ზოგადად ასეთი უცნაურობა მჭირს - მიყვარს გამოცდები! თან, ცხოვრებაში საკმარისად მაქვს ჩაბარებული... ემოცია კი ის იყო, რომ, მაგალითად, პირველ გამოცდაზე ცოტა უხერხულობა ვიგრძენი - ამდენი ბავშვი რომ იდგა იქ თავის მშობლებთან ერთად და მეც რომ მათთან ვიდექი. გაკვირვებულები კი მიყურებდნენ, მაგრამ ბავშვები კიდევ მეტ ემოციაში იყვნენ, რა თქმა უნდა, და მათ ჩემთვის არ ეცალათ. შემდეგ უკვე გამოცდიდან გამოსული ვიდეოებს რომ ვდებდი, რამდენიმემ მომწერა: „თქვენ ამ აუდიტორიაში იყავით? კი, მეც მანდ ვიყავი, მე აქ ვიჯექი, მე - იქ“. მეკი იმას ვამბობ - ჩემი შვილიშვილები რომ გაიზრდებიან, იტყვიან: „იცით, როგორი ბებია გვყავდა? 60 წლისამ მეორედ ჩააბარაო“.

- თქვენ სკოლის პედაგოგი ხართ და მუშაობთ. როგორ შეათავსებთ ახლა უნივერსიტეტში სწავლას?

- ბათუმში ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული და შედეგიანი სკოლაში „ევრო 2000“-ში ვმუშაობ. ჯერ ერთი, სკოლაც შემიწყობს ხელს ამ საკითხში, მგულშემატკივრობენ და ელოდებიან ჩემს საბოლოო შედეგს. მერე, თვითონ უნივერსიტეტი ფიზიკურად შორს არ არის სკოლიდან - ფეხით გადახვალ და გადმოხვალ. ამასთან, ჩემი ყოფილი მოსწავლეები, ვინც ახლა ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობენ, ისინიც მასწავლიან, როგორ გავანაწილო ლექციები. სიმართლე გითხრათ, ეგ თემა კონკრეტულად ჯერ არ ვიცი, როგორ დალაგდება, მაგრამ გავერკვევი და შემდეგ ცხრილსაც სავარაუდოდ მომირგებენ.

  • შვილების რეაქცია

- ჩემმა გოგომ რომ გაიგო, უნივერსიტეტში ვაბარებდი, თავში ხელები წაიშინა! ჩემმა ვაჟმა კი თქვა: „დედა, ექვსი შვილიშვილის პატრონისთვის ახლა სტუდენტობის დრო არისო?“ ვუთხარი, რატომაც არა-მეთქი. ახლა ჩუმ-ჩუმად გულშემატკივრობენ... მოკლედ, ვცხოვრობ ჩაქვში, გავთხოვდი ჩაქვშივე და აქვე დავბერდი (არც ისე დიდი ხნის წინ, ჩაქვი ადმინისტრაციულად ბათუმს მიაკუთვნეს). აქ დავამთავრე ქართული სკოლა. ჩვენს ახალგაზრდობაში, იყო ე.წ. ლიმიტების სისტემა და სწორედ ამ ლიმიტით მომიწია მინსკის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლა რუსული ფილოლოგიის მიმართულებით. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, ჩემი ფსიქოლოგიის პედაგოგი მთხოვდა, ლექტორად დავრჩენილიყავი და სწავლა ფსიქოლოგიის ხაზით გამეგრძელებინა... დედაჩემი უგანათლებულესი ადამიანი იყო და, რა თქმა უნდა, უპირობოდ სურდა, რომ განათლება მიიღო, მაგრამ როდესაც საქმე ასპირანტურაში დარჩენაზე მიდგა, უარი თქვა: „გეყო, რაც ისწავლეო“. ჰოდა, მეც ჩამოვედი და ოჯახი შევქმენი. დავიწყე მუშაობა ჩაქვის რუსულ სკოლაში, რადგან განათლებით რუსული ფილოლოგი ვარ. მყავს ორი შვილი - ქალ-ვაჟი, მათგან კი - ექვსი შვილიშვილი (სამი გოგოსგან და სამი ბიჭისგან). 20 წელი ვმუშაობდი ჩაქვის სკოლაში. ერთი პერიოდი პირველი (ქართული) და მეორე (რუსული) საჯარო სკოლები გაერთიანდა - მაშინ რუსულ სექტორზე მოსწავლეთა ნაკადი ძალიან მცირდებოდა. გარკვეული ხანი ამ გაერთიანებული სკოლის დირექტორიც ვიყავი, ისე კი, ყოველთვის დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი.

ევოპისკენ მიმავალი ჩემი ევროპელი მოსწავლეები (სადამრიგებლო)

- როგორც მითხარით, გიყვართ გამოცდები. რაიმეს ხომ არ გაიხსენებთ ამ კუთხით...

- ერთ-ერთ წელს გამოცხადდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არაქართულენოვან რეგიონებში ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებდა, ვიფიქრე: „წავალ, ქართულს ჩავაბარებ, ვნახოთ, თუ გამოვა-მეთქი“ - ინტერესის გამო წავედი. ქართული ენისა და პედაგოგიური უნარების გამოცდები საკმაოდ მაღალ ქულებზე ჩავაბარე, შემდეგ - ინგლისური და კომპიუტერი. მაშინ, ამ პროგრამის ფარგლებში, საუკეთესო 20%-ში მოვხვდი. თუმცა ჩემი ჩაქველი კოლეგები მეუბნებოდნენ: "ამ გამოცდების შემდეგ ხელფასს რომ მოგიმატებენ, მერე ჩვენც წავალთო". ჩემმა მაგალითმა მოტივაცია გაზარდა და მეორე წელს ჩასაბარებლად ბევრი წავიდა...

- მოკლედ, ჩაერთეთ ამ სახელმწიფო პროგრამაში, ხომ?

- კი, 2011 წელს ჩავერთე და ჯავახეთში, ერთ-ერთ სომხურენოვან სოფელში წავედი ქართულის სასწავლებლად. სოფელს ალასტანი ჰქვია, ახალქალაქის რაიონშია. მანამდე ამ სახელწოდების სოფლის შესახებ, არაფერი გამეგო. პირველი, რაც დაგუგლვისას შეგხვდებათ, ის არის, რომ ალასტანი ლაშა-გიორგის, ანუ ბაგრატიონთა საუფლისწულო მამული ყოფილა... საოცარი ემოციები მქონდა - ასეთი დამთხვევა, რომ ბაგრატიონი მაინცდამაინც ამ სოფელში მოვხვდი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.უკვე ადგილზე როცა ჩავედი, პირველი შთაბეჭდილება საოცარი იყო. არც ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი სოფლები ჯერ კიდევ არსებობდა: მიწური სახლები, ბანები...

''გზა სკოლისაკენ - თითქმის მთელი წელი ეს თეთრი ფარდაგი მეგო გზად''

მაშინდელი დირექტორი ახალქალაქში დამხვდა, მან წამიყვანა სოფელში და მეუბნებოდა: „ალბათ, რა წარმოდგენა გაქვთ ჩვენზეო“. ამ სახლებმა ცოტა დამძაბა, მაგრამ როცა ხალხს გაიცნობ, ოჯახებში შეხვალ, ხვდები, რომ ის, რაც გზაზე დაინახე, სოფლის ზოგადი სურათი არ არის... ალასტანი 1666 მეტრზე ზღვის დონიდან. საკმაოდ მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარი იცის -20 გრადუსამდეც კი არის ზამთარში...სხვათა შორის, მაშინდელმა სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელმა, მაკო ჭილაშვილმა, გასაუბრებაზე მკითხა, რატომ მოდიხართ ამ პროექტშიო. გულწრფელად ვუპასუხე: "შემიძლია ახლა მაღალფარდოვანი სიტყვები გითხრათ, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ხელფასია-მეთქი“. მაშინ იქ ძირითად ხელფასზე 1000-ლარიანი დანამატი იყო. ამიტომ ვიფიქრე, 1-2 წლით წავალ და მერე სახლში დავბრუნდები-მეთქი.

იმ დროისთვის უკვე ორი სტუდენტი შვილი მყავდა (ვაჟს ახალი ჩაბარებული ჰქონდა, გოგო „თავისუფალში“ სწავლობდა) და თბილისში მათ ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდებოდათ. ალასტანში მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 კლასები მომცეს. მერვეკლასელმა ეთნიკურად სომეხმა გოგონამ გრამატიკაში ისეთი შეკითხვა დამისვა, რომ დავიბენი. ქართველი ბავშვი ამ კითხვას არ დაგისვამდა, რადგან მისთვის ეს აპრიორი ასეა, მაგრამ ამ ბავშვმა მკითხა: „მასწავლებელო, ამ სიტყვას მესამე პირში ეს დაბოლოება რომ აქვს, თითქმის მსგავს სიტყვას სხვა დაბოლოება რატომ აქვსო?!“იმ წლებმა, რაც იქ გავატარე, ძალიან ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ქართული გრამატიკის კუთხით, რადგან ბევრი რამის გადაკითხვა და კოლეგებთან გადამოწმება მჭირდებოდა.

ასე ტარდებოდა ქართულის გაკვეთილები სოფელ ალასტანის სომხურენოვან სკოლაში.

მაშინ ვთქვი, რომ თუ ამ სოფელში დავრჩებოდი, მხოლოდ ამ გოგონას გამო, რომ ის მე-12 კლასამდე მიმეყვანა. მივიყვანე კიდეც მე-12 კლასამდე. ეს ბავშვი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, დაამთავრა და ახლა წარმატებული ექიმია. იმ ხუთ წელიწადს მერე კიდევ ხუთი წელი მოჰყვა, სხვები გამოჩნდნენ, რის გამოც იქ დავრჩი და საბოლოოდ ჯავახეთში 10 წელი შევასრულე!ხუთი წელია, რაც ბათუმში კერძო სკოლაში ვასწავლი. ვერც ჩაქვში და ვერც ბათუმში ჩემი მოსწავლეების წარმატებას ვერ დავიბრალებ, რადგან ჩემ გარდა იქ ბევრი სხვა ფაქტორიც მუშაობს. რაც შეეხება ალასტანელ ბავშვებს, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მათ წარმატებაში, მომავალში და იმაში, რომ უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღეს, ქვეყანაში დარჩნენ და ახლა ჩემზე უკეთესად ლაპარაკობენ ქართულად, ნამდვილად არის ჩემი წვლილი.

- იმ სოფლიდან 10 წლის შემდეგ წამოსვლა როგორ გადაწყვიტეთ?

- შვილებმა სწავლა დაამთავრეს, ოჯახები შექმნეს, ყველანი ფეხზე დადგნენ. ოჯახის წინაშეც ვალმოხდილი ვიყავი, სახელმწიფოსა და მოსწავლეების წინაშეც... როცა ალასტანში მივდიოდი, მეუღლე გვერდით დამიდგა. მას აქვს ერთი კარგი თვისება - ძალიან მენდობა იმ საკითხებში, რაც ჩვენი შვილების მომავალს ეხება... ჩამოდიოდა იქ, ზამთრობით ჩემთვის ცხოვრების ნორმალურ პირობებს უზრუნველყოფდა. არდადეგებზე, რა თქმა უნდა, სახლში ჩამოვდიოდი. ასეთი თანადგომა რომ არ ყოფილიყო, ამას ვერ შევძლებდი. როცა სოფელში მარტო ვიყავი, ადგილობრივებს უყურადღებოდ ერთი წუთითაც არ დავუტოვებივარ - შეშა ხშირად მოჰქონდათ, წყალი, ნატურალური რძის პროდუქტები... იმ პერიოდმა ძალიან ბევრი რამ მომცა... ხშირად ვსაუბრობთ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრირებაზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ მთლიანად ქართულ საზოგადოებას სჭირდება უფრო მეტი ცოდნა და იმ ადამიანების მიმღებლობა, რომლებიც საუკუნეებია ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.ალასტანში ერთ-ერთმა პედაგოგმა გულისტკივილით მითხრა: „იცი, ინგა ჯან, გული მწყდება, „უმცირესობას“ რომ გვეძახიან, თითქოს ამ ქვეყნის ნაწილი არ ვიყოთ. მე ქართველზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო, ეს ისეთივე ჩემი სამშობლოა, როგორც ნებისმიერი ქართველისო“. ამ გაუცხოების დასაძლევად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ჩემთვის ამ გამოცდილებამ ზუსტად ის მომცა, რომ უკეთ გავიცანი ეს ხალხი.

''შვილიშვილებთან - ეს მხოლოდ მესამედია''...

  • "რაც შეეხება ჩემს გვარს"...

- საერთოდ ბაგრატიონები - აშოტ ბაგრატიონი სპერიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) გახლდათ... ზოგადად, ქორეოგრაფების ოჯახიდან ვარ - ბიძაჩემი აჭარის დამსახურებული არტისტი იყო, გვარში ყველანი ვცეკვავთ. ჰოდა, ქორეოგრაფი ბიძა დაკავებული იყო ამ საკითხით და არქივებში კვლევით. საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ გაირკვა - ქუთაისელი ბაგრატიონების შთამომავლები ვართ. არსებობს ასეთი ლეგენდაც: ერთ-ერთ უფლისწულს ხალვაშის ქალი შეჰყვარებია. ოჯახს უთქვამს, აჭარიდან ცოლს ვერ მოიყვანო - იმ დროს აჭარა საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა. ისიც წამოსულა და სოფელ სახალვაშოში დასახლებულა. სწორედ აქედან ვართ წარმოშობით. ვამაყობ ჩემი გვარით, თუმცა მახსოვს, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი“ - გვარი არანაირ ინდულგენციას არ გაძლევს, უბრალოდ, ცდილობ, ღირსეულად ატარო...