საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
,,ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში“ დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.