ავტორი:

ვინ იყო რეალურად "რუსთაველი მანიაკი": რას ჰყვება 25 წლის შემდეგ ყოფილი გამომძიებელი კაცზე, რომელმაც 8 ქალის მკვლელობა აღიარა - "მეზობლების დაკითხვა იყო შოკი"

ვინ იყო რეალურად "რუსთაველი მანიაკი": რას ჰყვება 25 წლის შემდეგ ყოფილი გამომძიებელი კაცზე, რომელმაც 8 ქალის მკვლელობა აღიარა - "მეზობლების დაკითხვა იყო შოკი"

90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში რუსთავში მომხდარმა სერიულმა მკვლელობებმა მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. მაშინ, როდესაც საქართველოში სინათლის მოსვლა და ტელევიზიით ინფორმაციის გაგება რეგიონებში ფუფუნება იყო, ხალხი, ბეჭდურ მედიაში ეცნობოდა შემზარავი მკვლელობების სერიას.

  • „რუსთაველ მანიაკად“ შერაცხილი დამნაშავე წლების განმავლობაში ატერორებდა ქალაქს. საქმეს, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, წერტილი 2001 წელს, მარტვილში ფრიდონ პირტახიას დაკავებით დასრულდა.

თუმცა, რა ხდებოდა სინამდვილეში გამოძიების კულისებს მიღმა? იყო თუ არა პირტახია ერთადერთი დამნაშავე, რატომ ვერ მოხერხდა მისი ფსიქიატრიული ექსპერტიზა და რა დეტალები გახდა ცნობილი მისი აღიარებითი ჩვენებიდან?

გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ (წამყვანი იაგო ხვიჩია) 1997–2007 წლების პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი გამომძიებელი, შალვა ნიქაბაძე, „რუსთაველი მანიაკის“ საქმის უცნობ დეტალებს იხსენებს. როგორც საგამოძიებო ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, ის ჰყვება, თუ როგორ მივიდნენ დამნაშავის კვალზე, რა ხდებოდა დაკითხვის ოთახში და რატომ დარჩა ამ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა.

- მანიაკი არის თუ არა ადამიანი, ამას განსაზღვრავს ექსპერტიზა – ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ ჩაგვეტარებინა ეს ექსპერტიზა და დასკვნა გვქონოდა ხელზე იმ მოტივით, რომ როდესაც ჩვენ დაკავებული შევასახლეთ ციხეზე, იმავე ღამეს მან თავი მოიკლა.

ეს პიროვნება იყო დევნილი აფხაზეთიდან, კერძოდ, გაგრიდან – ვინმე ფრიდონ პირტახია, რომელიც ცხოვრობდა ჯერ რუსეთში და შემდეგ, უკვე 90-იან წლებში, გადმოვიდა საქართველოში და დასახლდა ქალაქ რუსთავში. მკვლელობების სერია დაიწყო 1997 წელს. მას რუსთავში ჰქონდა ორი თუ სამი ფაქტი, ვგულისხმობ მკვლელობას.

კადრი საარქივო ვიდეოდან - პირტახიას დაკავება

მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ასაკს. მთავარი იყო, რომ ყოფილიყო ადვილად დასამორჩილებელი. საერთო ჯამში, მოხდა რვა ფაქტი. ქალების ნაწილი იყო გაუპატიურებული და შემდეგ მოკლული, ნაწილი იყო პირდაპირ მოკლული, მაგრამ ხელწერა მიუთითებდა ერთი და იგივე ადამიანზე. მსხვერპლს ძირითადად ახრჩობდა.

გენერალურმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, 2000 წელს შექმნა საკმაოდ დიდი საგამოძიებო ჯგუფი, სადაც შევედით ჩვენ – ტრანსპორტის პროკურატურის თანამშრომლები და რუსთავის პროკურატურის თანამშრომლები.

რაღაც პერიოდის შემდეგ შეწყდა მკვლელობები, მაგრამ, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდი. საგამოძიებო ჯგუფის უფროსად დავინიშნე მე და რამდენიმე თვეში, ალბათ სამ-ოთხ თვეში, მალევე შემოგვდის ინფორმაცია მარტვილიდან, რომ დააკავეს პიროვნება, რომელიც და-ძმას გამოეკიდა, მაგრამ ისინი გაექცნენ და ოჯახში მოყვნენ ასეთი ფაქტის შესახებ. მშობლებმა გამოიძახეს პოლიცია. დაიჭირეს ეს პიროვნება და პოლიციაში დაკითხვის დროს, ამ რვიდან ერთი ფაქტი აღიარა – ანუ, ის კონკრეტული ფაქტი აღიარა, რაზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რკინიგზის ტერიტორიაზე რომელიც მოხდა.

აქ შეიქმნა უკვე თავიდან საგამოძიებო ჯგუფი. საქმე აიღო გენერალურმა პროკურატურამ და გენერალური პროკურატურის გამომძიებელთან ერთად – მე, გენერალურის გამომძიებელი და რუსთავის პროკურატურის გამომძიებელი, ეს სამი პიროვნება – წავედით მარტვილში. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ეს არის 2001 წელი. – ჩადიხარ ჩაბნელებულ მარტვილში... არა, შუქი, არაფერი... დედამიწის ზურგზე ძლივს მივაგენით პოლიციის შენობას, პირველად ვიყავი მარტვილში მაშინ, და დავიწყეთ პირდაპირ მუშაობა.

დაკავებულს ანალოგიური მცდელობა მას წარსულში ჰქონდა რუსთავშიც, მაგრამ იმ გოგომ გაუწია წინააღმდეგობა და გაექცა, შემდეგ უკვე პოლიციას უთხრა ამ პიროვნების მონაცემები, აღწერილობა. როგორც კი შევხედე და გაიარა, ცალ ფეხზე კოჭლობდა, აშკარა იყო ჩემთვის, რომ ზუსტად იმ პიროვნებასთან მქონდა საქმე.

  • დავიწყეთ დაკითხვა. პირადად მე ვაწარმოებდი პირტახიას დაკითხვას და ამ დროს აღიარა რვა მკვლელობა, რომელიც რუსთავში ჩაიდინა. ადვოკატის თანდასწრებით მიმდინარეობდა დაკითხვა და სრული შოკი იყო ჩემთვის ის, თუ რამდენად დეტალურად ახსოვდა თითოეული მისი მსხვერპლი: თუ რა ეცვა, რა სამკაული ეკეთა, რას საუბრობდნენ ერთმანეთში... დეტალურად მოგვიყვა დანაშაულის ჩადენის მომენტიც.

მოტივად ასახელებდა ესეთ რაღაცას, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად არ გამოირჩეოდა და თან ფულიც არ ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ, სექსუალური დაკმაყოფილების მიზნით მიემართა ამ მეთოდისთვის. ადვილად დასამორჩილებელი ვინც იქნებოდა, ქალბატონი წაეყვანა, თავისი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. მაგრამ ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ: „მე მკვლელობით სიამოვნებას არ ვიღებდი, უბრალოდ, მე ამით მოწმეს ვიშორებდი, რომ ქუჩაში არ ეცნოთ ჩემი თავი და არ დაეჭირათ. აი, ამ მიზნით ვკლავდიო,“.

ვერ აგიწერთ, რა საშინელებები მომიყვა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი – და ამის მიუხედავად, კიდევ ამბობს: „თქვენ კიდევ არ იცით, მე რა მაქვს გაკეთებული, ამიტომ მე სიცოცხლის ღირსი არა ვარ.“ მაგრამ, აი იმაზე რომ მიმყავს ლაპარაკი, იქ უკვე ჩერდება, არ ამბობს. ანუ, ეჭვი მაქვს, რომ კიდევ ჰქონდა რაღაც გაკეთებული, უფრო რაღაც საშინელება, ალბათ, ვერ გეტყვით.

მოკლედ, მარტვილში შეიქმნა ცოტა დაძაბული სიტუაცია. უცებ გასკდა ეს ამბავი, მარტვილმა გაიგო, რომ ესა და ეს პიროვნება არის დაკავებული...

ხალხმა მოაწყო აქცია, რომ დაკავებული გადაგვეცა მათთვის, რათა ლინჩის წესით გაესამართლებინათ. იქიდან გამომდინარე, რომ უმართავი სიტუაცია იყო და, ალბათ, ძველი მარტვილის პოლიციის შენობაზე გახსოვთ, იმის აღებას არაფერი არ უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადმოგვეყვანა... თავიდან იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ გადმოგვეყვანა ქუთაისის ციხეში, მაგრამ რატომღაც, ბოლო მომენტში ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და თბილისში გადმოვიყვანეთ. ახლა დანგრეულია ის ციხე – ორთაჭალის ციხე რომ იყო, მაშინ.

შევასახლეთ რვაკაციან კამერაში და იმავე ღამეს მოიკლა თავი, წვერის საპარსით ვენა გადაიჭრა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კამერაში მყოფ პირებთან, გარდა ამ რვა ფაქტისა, მოყვა კიდევ ცალკე ხუთი ფაქტი, რომელიც მას ჰქონდა ჩადენილი სოჭში, რუსეთის ფედერაციაში.

მთელ საგამოძიებო ჯგუფს ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლოა საკანში მოკლეს, მაგრამ, ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ არანაირი ძალადობის კვალი არ იყო. ვიზუალურად გვამი ჩვენც ვნახეთ და მას არანაირი, არც ცემის კვალი ეტყობოდა და არაფერი.

შემდეგ, მისი ჩვენებიდან გამომდინარე, დავიწყეთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კერძოდ, მის მსხვერპლებს... რამდენიმე მსხვერპლს ეკეთა ძვირფასი სამკაულები. მისი ჩვენებიდან გამომდინარე, სამკაულების ნაწილი აჩუქა მეზობლებს, ნაწილი ჩააბარა ლომბარდში. ჩვენ ლომბარდიდანაც ამოვიღეთ და მეზობლებისგანაც ამოვიღეთ ეს სამკაულები და გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ამოიცნეს, რომ ეს ნამდვილად მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრს ეკუთვნოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ბრალის წარდგენა არ მოხერხდა გარდაცვალების გამო, მაგრამ, ნუ, აშკარად ყველანაირი მტკიცებულებები იქნა შეგროვებული, რომ რეალურად ფრიდონ პირტახია იყო ის პიროვნება, რომელიც კლავდა ამ გოგოებს და რომელსაც ვეძებდით ამდენი წლის განმავლობაში.

თანამზრახველი არ ჰყოლია, მარტო იყო აბსოლუტურად. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეზობლების დაკითხვა იყო ჩვენთვის აბსოლუტურად შოკი – რუსთავში ყველა აფიქსირებდა ერთი და იმავეს, რომ ასეთი წესიერი, წყნარი და პატიოსანი ადამიანი იმ უბანში არ დადიოდა.

შალვა ნიქაბაძე

და ყველაზე მთავარი: „რომ ჩვენ რომ სადღაც მივდიოდითო, ჩვენს პატარა შვილებს მას უტოვებდითო, რომ მიაქციე ყურადღებაო.“ ძირითადად ეზოში იჯდაო. კორპუსში ცხოვრობდა და კორპუსის სკამი და მაგიდა იყო იქ. და ეს ბავშვები რომ თამაშობდნენ, დაახლოებით იმ ასაკის ბავშვები, რა მსხვერპლიც ჰყავდა ამას, ერთი ზედმეტი სამეზობლოში არაფერი არა აქვს ნათქვამი. აი, ყველა ახასიათებდა იდეალურად, რომ ამაზე წესიერი იმ უბანში არ დადიოდა არავინ.

ეს მანიაკის ერთ-ერთი თვისებაა, სადაც ცხოვრობს, მუშაობს და ყოველდღიური ურთიერთობა რომელ სოციუმთანაც აქვს, იქ არის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო – როგორც მეოჯახე, პიროვნება, პროფესიონალი... ანუ, ოდნავადაც ეჭვს ვერ შეიტანენ. ჰყავდა მეუღლე და იმ პერიოდში 15 წლის ქალიშვილი, მაგრამ მე როგორც მახსოვს, ერთად არც ცხოვრობდნენ. ეს ქალბატონი იყო, მე მგონი, თუ სწორად მახსოვს, რუსეთში წასული სამუშაოდ და შვილიც თან ჰყავდა".