NASA-ს როვერ Spirit-ის მიერ 2007 წელს მარსზე გადაღებულმა პანორამულმა ფოტომ სოციალურ ქსელებში კვლავ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - მიზეზი კი ფოტოზე არსებული, ადამიანის სილუეტის საოცრად მიმსგავსებული ფორმაა, რომელმაც ინტერნეტში არაერთი თეორია და ცხარე დისკუსია გააჩინა.

ფოტოზე კლდეებს შორის ჩანს მუქი სილუეტი - ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ეს "მოსიარულე ადამიანია“, ნაწილი კი ფიქრობს, რომ გამოსახულება ქანდაკებას უფრო წააგავს. თუმცა, არაერთი ინტერნეტმომხმარებელი აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ეს მხოლოდ უჩვეულო ფორმის კლდეა, რომლის იერსახესაც განათება, ჩრდილები და ფოტოს რაკურსი ქმნის.

ამავე პოზიციას იზიარებს The Planetary Society, რომლის განმარტებით, ფოტოზე დანახული "ადამიანის ფიგურა“ პარეიდოლიის კლასიკური მაგალითია. ეს ფსიქოლოგიური ფენომენია, როდესაც ადამიანის ტვინი შემთხვევით ფორმებში ნაცნობ გამოსახულებებს - მაგალითად, სახეებს ან ადამიანის სილუეტებს ხედავს.
NASA კი აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმები მარსზე ბუნებრივად ჩნდება. მეცნიერების განმარტებით, პლანეტის ზედაპირი მილიარდობით წლის განმავლობაში ვულკანურმა აქტივობამ, მეტეორიტების დაცემამ და ძლიერი ქარის ეროზიამ ჩამოაყალიბა, რის შედეგადაც ქანები ხშირად უჩვეულო და ხელოვნურ ობიექტებს მიმსგავსებულ ფორმებს იღებს.