თუ გსურთ, ამ ზაფხულს თქვენი ოჯახის მოზარდების საკითხავი სია მართლაც შთამბეჭდავი წიგნებით შეავსოთ, გთავაზობთ სათავგადასავლო და რომანტიკული წიგნების გამორჩეულ ჩამონათვალს:
სარა დესენი - „ზაფხული ზღვაზე“
ნამდვილი საზაფხულო რომანი, რომელიც პირველივე გვერდებიდან ზღვის ნიავითა და მზის სითბოთი გავსებთ. ეს არის ამბავი ახალგაზრდულ სიყვარულზე, ოჯახურ საიდუმლოებებსა და იმ გარდამტეხ მომენტებზე, რომლებიც მოზარდობის ასაკში ჩვენს მომავალს აყალიბებენ. წიგნი იდეალურია მათთვის, ვისაც სიმყუდროვითა და თბილი ემოციებით სავსე ისტორიები ხიბლავს.
კოლინ ჰუვერი - „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“
თანამედროვე ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი რომანი. ისტორია გვიყვება ლის შესახებ, რომელიც რთული არჩევანისა და ემოციური დილემის წინაშე დგება. ეს არის შთამბეჭდავი და სიღრმისეული წიგნი სიყვარულზე, ტკივილზე, საკუთარი ღირსების გადარჩენასა და იმ ზღვარზე, სადაც ძველი და ახალი გრძნობები ერთმანეთს ეჯახება.
ტიმურ ვერმესი - „ჩიკი — გაქცევა ბერლინიდან“
ნამდვილი საზაფხულო სათავგადასავლო დინამიკა! ორი სრულიად განსხვავებული მოზარდი ბიჭი, მოპარული ძველი ავტომობილი და გზა ბერლინიდან უცნობი მიმართულებით. ეს არის იუმორით, თავისუფლების სულითა და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე ისტორია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა და ზრდასრულობისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები.
ჯენ ოსტინი - „ემა“
ჯეინ ოსტინის „ემა“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და დახვეწილი რომანია, რომელიც ახალგაზრდა, მდიდარი და კაპრიზული ხასიათის ემა ვუდჰაუსის შესახებ მოგვითხრობს,გოგონასი, რომელსაც გარშემომყოფთა პირად ცხოვრებაში ჩარევა და მათი „დაწყვილება“ უყვარს, თუმცა საკუთარ გრძნობებში გარკვევა უჭირს. სხვათა ბედით თამაშისას დაშვებული შეცდომები, კომიკური გაუგებრობები და საკუთარ ეგოიზმზე გამარჯვების გზა ემას ჭეშმარიტ სიყვარულს შეახვედრებს. რომანი 13-19 წლის მოზარდებისთვის იდეალური საზაფხულო, ემოციური და შთამაგონებელი საკითხავია.
რევაზ ინანიშვილი - „მოთხრობები სიყვარულზე“
ქართული პროზის უბადლო ოსტატის თემატური კრებული, სადაც თითოეული ამბავი შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს. ინანიშვილის სათუთი, ოდნავ სევდიანი და საოცრად თბილი ენა მკითხველს პირველი, ხან გამხელილი და ხანაც გაუმხელელი სიყვარულის მშვენიერებასა და პოეზიას აზიარებს.
რევაზ ინანიშვილი - „მოთხრობები ქალებზე“
კიდევ ერთი ძვირფასი კრებული, რომელიც განსაკუთრებულად დააინტერესებს ახალგაზრდა მკითხველს. ავტორი საოცარი სიღრმითა და სიყვარულით აღწერს სხვადასხვა თაობისა და ბედისწერის ქალების შინაგან სამყაროს, მათ დარდს, სიხარულსა და ყოველდღიურ სილამაზეს.
ჯენი ერპენბეკი - „კაიროსი“
შედარებით უფროსი თინეიჯერებისთვის (16-19 წელი) განკუთვნილი ღრმა და ემოციური რომანი. ეს არის ისტორია ახალგაზრდა ქალისა და ასაკით უფროსი მამაკაცის რთულ, დრამატულ ურთიერთობაზე, რომელიც ევროპული ისტორიის გარდამტეხი მოვლენების (ბერლინის კედლის დაცემის) ფონზე ვითარდება. წიგნი ოსტატურად აერთიანებს პირად დრამასა და დიდი ისტორიის მსვლელობას.
შეარჩიე შენი ფავორიტი წიგნი, მოკალათდი მოსახერხებელ ადგილას და გადაფურცლე ზაფხული ახალი ემოციებითა და თავგადასავლებით!
R