მექსიკის შტატ ხალისკოდან გავრცელებულმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა - 23 წლის ბლოგერი ვალერია მარკესი, საკუთარ სილამაზის სალონში TikTok-ის პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს. ათასობით მაყურებლის თვალწინ დატრიალებულ ტრაგედიას სამართალდამცავებმა უკვე მოუძებნეს სავარაუდო მოტივი: მკვლელობა მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სასტიკი დაჯგუფების, Cartel Jalisco Nueva Generacion-ის (CJNG) მაღალჩინოსანმა შეუკვეთა.
სილამაზისა და ყოველდღიური რუტინის შესახებ საუბრისას, ვალერიას პირდაპირ ეთერში მოულოდნელად კურიერის ფორმაში გადაცმული შეიარაღებული მამაკაცი მიუახლოვდა. მან გოგონას სახელი ჰკითხა, ვინაობის დადასტურებისთანავე კი ცეცხლი გაუხსნა - სამი გასროლიდან ერთი მკერდის, ხოლო ორი თავის არეში მოხვდა.

ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ვალერიამ გამომწერებს გაანდო, რომ ნიღბიანი პირი მისთვის ძვირადღირებული საჩუქრის გადაცემას ცდილობდა. "შეიძლება ჩემი მოკვლა სურთ“, - იხუმრა მან ეთერში, თუმცა რეალობა გაცილებით სასტიკი აღმოჩნდა. ბლოგერი მანამდეც ღიად საუბრობდა მოსალოდნელ საფრთხეზე და აღნიშნავდა, რომ თუ რამე დაემართებოდა, პასუხისმგებლობა მის ყოფილ შეყვარებულს ეკისრებოდა.
შურისძიება დაშორების გამო
მექსიკის ფედერალური უსაფრთხოების მინისტრის, ომარ გარსიას განცხადებით, მკვლელობის ძირითადი ვერსია პირად შურისძიებას უკავშირდება. ვალერია ახლახან დაშორდა ფრანცისკო ალვარესს - CJNG-ის ერთ-ერთი ლიდერის, რამონ ანხელ ალვარეს აიალას (მეტსახელად "El R1“) ვაჟს.
გამოძიების მონაცემებით, დაშორების შემდეგ განრისხებულმა ფრანცისკომ მამას "პრობლემის მოგვარება“ და ყოფილი პარტნიორის ლიკვიდაცია სთხოვა. "El R1“-მაც ქილერი დაუყოვნებლივ გააგზავნა.
რამონ ანხელ ალვარეს აიალა ("El R1“) ხალისკოს შტატში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციას ორმხრივი სროლა და დევნა მოჰყვა, რასაც ნარკობარონის დაცვის წევრი ემსხვერპლა.

დაკავებულ "El R1“-ს, მარკესის მკვლელობის გარდა, ბრალად ედება ქალაქ ურუაპანის მერის, კარლოს მანზოს მკვლელობაც - მერს ეროვნული დღესასწაულის დროს, ოჯახის წევრებისა და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, მოზარდმა ქილერმა ზურგში ესროლა.
ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებიან უშუალოდ შემსრულებელი და ნარკობარონის ვაჟი, ფრანცისკო ალვარესი. სამართალდამცავები მათზე აქტიურ ძებნას განაგრძობენ.