სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა "იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.
"ჩვენ მივიღეთ პირველადი ინფორმაციები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან და სხვა მიმწოდებელი პირებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან, თუმცა გარკვეული ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების რეჟიმშია, შესაბამისად, ამ ყველაფრის თავმოყრის შემდეგ შეგვეძლება, რომ გავაკეთოთ საბოლოო დასკვნა.
წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო "იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რა გახდა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
"ენგურჰესი, რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დაბალანსება. რომელსაც გააჩნია თავისი დაცვის სისტემები.
წინასწარი ინფორმაციით, დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემა. აქედან გამომდინარე, მოწვეულია ტექნიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომელმაც თავის დროზე დაამონტაჟა ეს ყველაფერი. აღნიშნული ჯგუფი დამატებით ნახავს და შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოგვაწვდიან მაშინ შესაბამის დასკვნებს.
წინასწარი შეფასებით, ადრე მუშაობდა აღნიშნული დაცვის სისტემები, ამ შემთხვევაში არ იმუშავა. სწორედ ამიტომ, რა გახდა ამ ხარვეზის გამომწვევი მიზეზი, სწორედ ამაზეა ის კითხვები, რომელიც ჩვენ დავსვით და უნდა მივიღოთ პასუხები. ამ პასუხების მიღებაში დაგვეხმარება იმ ექსპერტების დასკვნები, რომლებიც სპეციალურად ამისთვის არიან ჩამოსულები.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ გამოძიებას, დავით ნარმანიას თქმით, სუს-ში ის გამოძიების ფარგლებში არ გამოკითხულა, თუმცა უწყებასთან მოკვლევის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა აქვთ და ყველა საჭირო ინფორმაციას უზიარებენ.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და შესაბამისად ჩვენგან მიეწოდებათ ყველა საჭირო ინფორმაცია", - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით 24 და 25 ივლისს ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიებაც დაიწყო.