"მე არ ვიცი, ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის? მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა,“ – რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 26 წლის ლანა ლატარიას დედის თხოვნას საზოგადოებისადმი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.
მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, სანამ შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, თავი შეიკავონ გარდაცვალების მიზეზის სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისგან.
"ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა.
კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი.
არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა.
გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო.
გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ.
მატირონ შვილი. მამამისს ატირონ შვილი,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლანა ლატარიას დედის თხოვნას საზოგადოებისადმი.
გუშინ, 3 აგვისტოს, ლანა ლატარიას მამამ, ზაალ ლატარიამ დაწერა, რომ მას გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენების უფლება არ მისცეს. ზაალ ლატარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ მიიღო.
ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
ზაალ ლატარიას სტატუსს დღეს, 4 აგვისტოს, ფეისბუქზე გამოეხმაურა ერთ-ერთი სასულიერო პირი მიქაელ ბრეგვაძე.
სასულიერო პირმა საკუთარ ფეისბუქ სტატუსში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზად აბორტი დაასახელა, უცნობია რის საფუძველზე და რატომ. ამ ინფორმაციას ოჯახი უარყოფს.