ავტორი:

"სეუტას ანკლავიდან მაროკოში 70 ათასი მიგრანტი დაბრუნდა" - ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

"სეუტას ანკლავიდან მაროკოში 70 ათასი მიგრანტი დაბრუნდა" - ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

სეუტას ანკლავიდან მაროკოში 70 ათასი მიგრანტი დაბრუნდა. ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულ სადაზვერვო ცენტრს (CNI) ამ მასშტაბის მიგრაციული კრიზისის შესახებ, რომლის დროსაც საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა გაფრთხილება არ გაუცია. მან ასევე დასძინა, რომ ევროპელმა კოლეგებმა ესპანეთის მთავრობის ქმედებებს მხარი დაუჭირეს და გატარებული ზომების “ეფექტიანობა“ აღიარეს.

გრანდე-მარლასკამ ეს განცხადება ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვიდეოკონფერენციის ფორმატის შეხვედრა სამშაბათს, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ინიციატივითა და 22 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის დასრულებისას ევროკავშირის ქვეყნებმა სეუტაში განვითარებული მოვლენების გამო ესპანეთის მიმართ „მტკიცე სოლიდარობა“ გამოხატეს და იკისრეს ვალდებულება, გააძლიერონ მსგავსი კრიზისების ადრეული შეტყობინებისა და განგაშის ევროპული მექანიზმები.

გრანდე-მარლასკას თქმით, შეხვედრაზე მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ სეუტას შენგენის ზონაში სპეციალური სტატუსი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ავტონომიური ქალაქის დატოვება დოკუმენტების ეფექტიანი შემოწმების გარეშე არავის შეუძლია.

დამატებით 25 მილიონი ევრო სეუტასთვის

ესპანეთის მთავრობა სეუტას დამატებით 25 მილიონ ევროს გამოუყოფს იმ უმეთვალყურეოდ დარჩენილი არასრულწლოვანი მიგრანტების მხარდასაჭერად, რომლებიც ქალაქში ბოლო მიგრაციული კრიზისის დროს ჩავიდნენ.

ახალი დაფინანსება იმ 5.5 მილიონ ევროს ემატება, რომელიც გასულ ივლისს ბავშვთა და მოზარდთა სექტორულ კონფერენციაზე დამტკიცდა. მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, დაფინანსების მიზანს ავტონომიურ ქალაქში შექმნილ ვითარებაზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ინკლუზიის, სოციალური უზრუნველყოფისა და მიგრაციის მინისტრმა ელმა საიზმა ასევე მოუწოდა ყველა ავტონომიურ რეგიონს (მათ შორის მათ, რომლებსაც “სახალხო პარტია“ მართავს), ჩაერთონ უმეთვალყურეოდ დარჩენილი არასრულწლოვანი მიგრანტების მიღებასა და მზრუნველობაში.

მთავრობის სპიკერმა ხელმეორედ აღნიშნა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას „არასდროს“ მიუღია ანგარიში, რომელიც გასულ ხუთშაბათს სეუტაში განვითარებული კრიზისის მასშტაბებს იწინასწარმეტყველებდა, თუმცა ზაფხულის განმავლობაში არალეგალური ნაკადების ზრდის პროგნოზებზე მუშაობა მიმდინარეობდა.

ამ განცხადებით საიზი ორშაბათს გავრცელებულ იმ ცნობებს გამოეხმაურა, სადაც მაროკოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნული იყო, რომ რაბათმა ესპანეთი ივლისის დასაწყისში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო შედეგების შესახებ რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა.

წყარო