ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახსრების მოზიდვის ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე რანჩო პალოს-ვერდესში მდებარე ტრამპის გოლფის მოედანზე შეიარაღებული ეჭვმიტანილი დააკავეს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი გოლფის მოედნის ავტოსადგომზე დააკავეს, მის ჯიბეში 16-ვაზნიანი მჭიდი აღმოაჩინეს.
მოგვიანებით, მისი ავტომობილის ჩხრეკისას, გამომძიებლებმა ასევე ამოიღეს დატენილი პისტოლეტი და კიდევ ერთი დატენილი მჭიდი.
მოგვიანებით, შერიფის დეპარტამენტის დეტექტივებმა და FBI-ის აგენტებმა სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ დაუნიში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, სადაც, მათი განცხადებით, აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, რამდენიმე რვეული "შემაშფოთებელი შინაარსის ჩანაწერებით“, ასევე რადიოსიგნალის გადამცემი მოწყობილობები.
ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე ლოს-ანჯელესის პროკურატურას გადაეცა.