საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, ჟირონდის დეპარტამენტში დამანგრეველი ტყის ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მოულოდნელი საფრთხის წინაშე დადგა.
სტიქიის დროს ადგილობრივებს გაზის ბალონების აფეთქება რომ ეგონათ, სინამდვილეში მიწაში ათეულობით წლის განმავლობაში დამარხული საბრძოლო მასალის დეტონაცია აღმოჩნდა. მაღალი ტემპერატურის გამო, ძველი გერმანული და ფრანგული ნაღმმტყორცნები თუ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები რიგრიგობით ფეთქდებოდა.

„ხანძრის მეორე ღამეს 100-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. ნამდვილი საომარი ვითარება იდგა. წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში საბრძოლო მასალის საწყობები იყო ჩამარხული. ერთ-ერთმა ჭურვმა საცხოვრებელ სახლშიც კი გაიარა“, - იხსენებს ლე-პორჟის მერი, მარტიალ ზანინეტი.
ხანძარმა სოფელში 180-ზე მეტი სახლი სრულად გაანადგურა. ტერიტორიის პირველადი განაღმვის შემდეგ, მოსახლეობის უმეტესობამ საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნება დაიწყო, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ოკეანის სანაპიროზე, კემპინგის ზონასა და მიმდებარე დასახლება ლა-ჟენიში გადაადგილება კვლავ მკაცრად შეზღუდულია.
ეს შემთხვევა ევროპაში მძვინვარე მასშტაბური ხანძრების მხოლოდ ერთი ეპიზოდია. სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ საფრანგეთი და ესპანეთი დააზარალა, სადაც 330 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მხოლოდ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით 42 000 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისია.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნიუმ მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანამ უპრეცედენტო გამოწვევას გაუძლო, ჟირონდის რეგიონში კი ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება.