შოტლანდიის ერთ-ერთ საწარმოო ზონაში, ოჯახთან ერთად კემპინგის დროს გარდაცვლილი 9 წლის გოგონას მამა სასამართლოს წინაშე წარდგა. მას საკუთარი შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

ორშაბათს, 5 აგვისტოს, დილით ადრე, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 9 წლის მინი, ქალაქ არბროტის მახლობლად, “ელიოტის საწარმოო ზონაში“ (Elliot Industrial Estate) მძიმე დაზიანებებით იპოვეს. მედიკოსებმა გოგონა და ოჯახის კიდევ სამი წევრი ქალაქ დანდის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ბავშვი მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

კრისტოფერ რაისი სასამართლოს დახურულ სხდომაზე ოთხშაბათს წარდგა. ბრალდებულს წარდგენილ დანაშაულზე საპასუხო პოზიცია არ დაუფიქსირებია. საქმეზე გამოძიება გრძელდება. რაისს პატიმრობა უკვე შეეფარდა. ის სასამართლოში მომდევნო 8 დღის ვადაში ხელახლა გამოცხადდება.
სასწრაფო დახმარების ოთხი ეკიპაჟი საწარმოო ზონაში გვიან ღამით გამოიძახეს, სადაც უეიკფილდიდან ჩამოსული ოჯახი წინა ღამით კარავში რჩებოდა. პოლიცია ტრაგედიასთან დაკავშირებით სხვა პირებს არ ეძებს.

მოწმეების თქმით, საღამოს მათ დაინახეს, თუ როგორ ამზადებდა ოჯახი საჭმელს პორტატულ გაზქურაზე. მოგვიანებით, როდესაც ტრაგედიის შესახებ ცნობილი გახდა, ადგილობრივებმა შემთხვევის ადგილზე ყვავილები და რბილი სათამაშოები მიიტანეს.