ავტორი:

"კი, ასეთი პროცედურით უნდა დაეკავებინათ, არასრულწლოვანის შემთხვევაშიც, უფრო მსუბუქი ვარიანტი ძნელი წარმოსადგენია... ბუნდოვანია, რატომ აღსრულდა განჩინება ღამე" - იურისტები

"კი, ასეთი პროცედურით უნდა დაეკავებინათ, არასრულწლოვანის შემთხვევაშიც, უფრო მსუბუქი ვარიანტი ძნელი წარმოსადგენია... ბუნდოვანია, რატომ აღსრულდა განჩინება ღამე" - იურისტები

იურისტი საბა ბრაჭველი ნია იმნაძის დაკავება პროცედურულად სწორად იყო წარმართული, თუმცა ის საუბრობს მტკიცებულებების საკითხზე. როგორც ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, დაკავებისას უნდა არსებობდეს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული (პირდაპირი) მტკიცებულებების ერთობლიობა.

1. კი, ასეთი პროცედურით უნდა დაეკავებინათ. არასრულწლოვანის შემთხვევაშიც, სხვა უფრო მსუბუქი ვარიანტი ძნელი წარმოსადგენია.

2. თანამონაწილეობის (წაქეზების) სისხლის სამართლებრივი ბრალდება ნიშნავს ამას: პირს უნდა დაუმტკიცდეს, რომ მან დაზუსტებით იცოდა ან მის ხელთ არსებული ინფორმაციიდან უნდა ევარაუდა, რომ ამსრულებელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენას აპირებდა და მან ამსრულებელი ან ამ დანაშაულის ჩასადენად წააქეზა, ან ის შეგნებულად უშვებდა, რომ ამსრულებელი ამ დანაშაულს ჩაიდენდა.

3. სამტკიცებლად ეს საკმაოდ მაღალი თამასაა, ამიტომ უნდა არსებობდეს აშკარა, უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული (პირდაპირი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ამ განზრახვის ქონას გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცებს.

და მთავარი: რაკი ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით ჩაბნელებულია და გადატანითი მნიშვნელობით (ჯერჯერობით მაინც) ჩალით ვართ გადახურული,რაკი ქვეყანაში სანქცირებული და პოლიტიკური პროკურატურა და სასამართლო გვყავს,რეზონანსულ და გახმაურებულ საქმეებში კონკრეტული ადამიანების სამართლებრივი (და არა მორალური) ბრალის (ან უდანაშაულობის) გადაჭრით მტკიცება ცოტა ძნელი საქმე იქნება. ან ავანთებთ ქვეყანაში შუქს, ან მოგვიწევს ბნელში ხელის ცეცება" - წერს ბრაჭველი.

ამ თემას ეხმაურება ორგანიზაცია "კანონის უზენაესობის ცენტრის" დამფუძნებელი ლონდა თოლორაია:

"ამ დანაშაულის შედეგი უმძიმესია. თუმცა, შედეგის სიმძიმე არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფოს ეს დანაშაული დროულად და ეფექტიანად გამოეძიებინა. სახელმწიფოს ამ შედეგებისთვის დასჭირდა შვილმოკლული დედის განწირული ბრძოლა.სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი განულებულია ნდობა მართლმსაჯულების სისტემის (პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ა.შ.) მიმართ, დაზარალებულები, ბრალდებულები, ადვოკატები სამართლის პოვნის ერთადერთ გზად სულ უფრო ხშირად ირჩევენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას და შემდგომ საზოგადოებრივი წნეხის მათ სასარგებლოდ გამოყენებას.სწორედ ამ უნდობლობის, მართლმსაჯულების ინსტიტუტებისადმი უიმედობის გამოძახილია პოლიციასთან, პროკურატურასთან გამართული აქციები (რაც მინიმუმ შვილმოკლულ დედებს არ უნდა ჭირდებოდეთ), გაუბედურებული მშობლების ინტერვიუები ტელევიზიებში (რაც ურთულესია მათთვის), ლაივები საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილებიდან, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები/ინტერვიუები/პოსტები, რომლებსაც ზოგჯერ არაფერი აქვს საერთო ეთიკასთან, კანონთან და სამართალთან.ეს არის უმძიმესი რეალობა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე ამ სისტემებისთვის. სახელმწიფოსი აღარ გჯერა მაშინაც კი, როცა შესაძლოა კანონიერ გადაწყვეტილებას იღებდეს.

რა გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრს მართლმსაჯულების სისტემაზე? - უდიდესი. გაუძლო საზოგადოებრივ წნეხს ურთულესია. ხოლო, მიიღო საზოგადოებისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილება, როცა სისტემები სრულად პოლიტიზირებულია, შეუძლებელია.მაშინ როცა, ამ დანაშაულის ჩადენიდან გასულია 10 თვე (და ამარასრულწლოვნის სახელი და გვარი ამ საქმეში ფიგურირებს პირველივე დღიდან), მაშინ როცა ამ საქმეს ფაქტობრივად იძიებს გიგა ავალიანის დედა, მაშინ როცა ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე ,,გამოზოგილად” იზრდება და ლუკმა-ლუკმა მიეწოდება საზოგადოებას და მაშინ როცა მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის მიმართ, საჭიროა ბრალმდებელი უწყებისგან დეტალური ინფორმაციის მოსმენა - რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამის საფუძველზე უნდა შეაფასოს საზოგადოებამ - არის ეს გადაწყვეტილება ობიექტური თუ საზოგადოებრივი წნეხის ფონზე მიღებული. გასაჯაროებისაგან თავის შეკავების მიზეზი ვერ იქნება ,,არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი”. ამ ინტერესით აქამდე არავინ დაინტერესებულა.საზოგადოების მოთხოვნა გასაგებია - დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ცხადია უნდა დაისაჯოს.

მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კანონები, სტანდარტები, რომლებიც დამნაშავეების მიმართაც უნდა იქნეს დაცული, მით უფრო, როცა დანაშაულის ჩადენაში არასრულწლოვანი იმხილება. ყველას აქვს უფლება, მისი საქმე ობიექტურად და კანონის დაცვით იქნეს გამოძიებული. ალბათ ნაწილი თქვენგანი იტყვის, რომ გიგა ავალიანი მკვდარია და რა დროს ეს პროცედურებია, მაგრამ მაშინ ვთქვათ რომ მკვლელობის საქმეებზე კანონები საერთოდ არ გვჭირდება და ლინჩის წესით გავასამართლოთ ყველა, საქმის მასალების ცოდნის გარეშე.კანონში წერია, რომ არ უნდა გაჭიანურდეს ვინმეს დევნა/დაჭერა, თუ ის დასაჭერია. რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანმაც უნდა შეძლოს თავის დაცვა დროულად და კიდევ იმიტომ, რომ ამ ,,დაუსრულებელი მოლოდინის” რეჟიმში არ ვნახოთ მეორე მკვდარი, რომელმაც შესაძლოა ვერ გაუძლოს ხანგრძლივი დაჭერის შიშში ცხოვრებას (არსებობს ამის პრეცედენტები).

ასევე, კანონში წერია რომ პირი დაკავებული უნდა იქნეს, როცა არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საინტერესოა, რომელი ეს საფრთხე შეიძლება არსებობდეს დღეს, როცა ამდენი თვე ,,მისცა გამოძიებამ” ამ არასრულწლოვანს მტკიცებულებების გასანადგურებლად, მისამალად, ახალი დანაშაულის ჩასადენად. რაც გასანადგურებელი იყო უკვე განადგურებული იქნება, ხოლო მიმალვით იგი არ მიმალულა.

რაც შეეხება დაკავების ფორმას, დაკავება არასოდესაა სასიამოვნო პროცესი და დაკავების დროს რაიმე დარღვევა მე ვერ დავინახე. თუმცა, ბუნდოვანია რატომ აღსრულდა დაკავების განჩინება ღამე, და არა დღე. ღამით კანონი ზღუდავს საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, მით უფრო, არასრულწლოვნის მიმართ.

ჩვენს ქვეყანაში არასრულწლოვანთა დანაშაული ბოლო რამდენიმე წელია ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა (აი იმ დროის მაქსიმუმს, როცა ციხეები ბავშვებით იყო გამოტენილი). მე არ მომისმენია სახელმწიფოსგან არც ერთი სიტყვა, რატომ მოხდა ეს და რა ხედვა აქვს სახელმწიფოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გარდა იმისა რომ 10,11 წლის ბავშვებისთვის ,,ციხე” გააკეთა.

ციხეში ჩასმით ასეთი პრობლემები არ გვარდება. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და არ იმუშავა. არც ერთ ქვეყანაში იმუშავა.ამ ქვეყანაში არასრულწლოვნებზე ცოდო არავინაა. ყველა უწყება მოშლილია, ვინც მათზე უნდა ზრუნავდეს. არ მოგწონთ მათი მშობლები? არ მოგწონთ როგორ აღზარდეს? რა გააკეთა სახელმწიფომ ,,ცუდი მშობლების” შვილების გადასარჩენად, ეს კითხვა დაუსვით თავს? ეს ბავშვები ოჯახებიდან იმ საზოგადოებაში გამოდიან, რომელთაგან 98% დღეს დაკავებული არასრულწლოვნის ჩაქოლვას, სიკვდილს ითხოვს (წაიკითხეთ ამ არასრულწლოვნის დაკავებაზე ხალხის კომენტარები).

და ამ ყველაფრის ფონზე, რატომ გიკვირთ თუ ისინი სასტიკებად იზრდებიან?ბავშვები დამნაშავეებად არ იბადებიან. ასეთებად რატომ იქცნენ, ჯერ ეს კითხვა დავსვათ, სანამ მათი ლინჩის წესით გასამართლებას მოვითხოვთ.სახელმწიფო, სადაც შვილმოკლული დედა, მამა სამართალს ხალხის ძალით ეძებს და უწყებები, საზოგადოებაში არსებული ტემპერატურის აწევით/დაწევით იღებენ გადაწყვეტილებს - რამდენი, რომელი, როდის, დროის რომელ მონაკვეთში დააკავონ/არ დააკავონ - დამერწმუნეთ, მართლა მოშლილია.

არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს. ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.

წაიკითხეთ ასევე: