ავტორი:

ასეთი მზე არასდროს გინახავთ - მეცნიერებმა მზის ზედაპირი ისტორიაში ყველაზე დეტალურად აღბეჭდეს

ასეთი მზე არასდროს გინახავთ - მეცნიერებმა მზის ზედაპირი ისტორიაში ყველაზე დეტალურად აღბეჭდეს

მსოფლიოს ყველაზე მძლავრი მზის ტელესკოპის გამოყენებით მეცნიერებმა მზის ზედაპირი უპრეცედენტოდ დეტალურად გადაიღეს. ახალი ფოტოები და ვიდეოკადრები ასახავს მზის ზედაპირზე "ცეცხლოვან მორევებს“, რომელთა დანახვაც აქამდე შეუძლებელი იყო.

მეცნიერების თქმით, ეს არის მზის მაგნიტური ველის მოძრაობა, რომელსაც ცხელი აირების მუდმივი გადაადგილება იწვევს.

  • ეს უწყვეტი მორევები მზიდან ენერგიის ძლიერი ამოფრქვევების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ისინი წარმოქმნიან ე.წ. კოსმოსურ ამინდს, რომელმაც შეიძლება დედამიწაზე ელექტროენერგიის ქსელებისა და თანამგზავრების მუშაობა დაარღვიოს, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, საფრთხე ასტრონავტებსაც შეუქმნას.

"მზე ამ ენერგიისა და მთლიანად კოსმოსური ამინდის მთავარი წყაროა", - განაცხადა აშშ-ის ეროვნული ობსერვატორიის მეცნიერმა, დევიდ ბობოლცმა.

  • მისი თქმით, მზის უფრო დეტალური გამოსახულებების მიღება მეცნიერებს კოსმოსურ ამინდზე უკეთ რეაგირებასა და მისი პროგნოზირების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

"იმისთვის, რომ კოსმოსური ამინდი გავიგოთ და საბოლოოდ მისი პროგნოზირება შევძლოთ, აუცილებელია მზეზე მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესწავლა - ყველაზე მცირე მასშტაბებამდეც კი", - აღნიშნა დოქტორმა ბობოლცმა.

  • "ეს მბრუნავი მოძრაობები წარმოქმნის მაგნიტურ ენერგიას, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება და საბოლოოდ შეიძლება სწორედ იმ მასშტაბური აფეთქებების მიზეზი გახდეს", - განაცხადა აშშ-ის ეროვნული ობსერვატორიის ასტრონომმა, დავით ქურიძემ.