რა ჯდება თირკმლის გადანერგვა საქართველოში?

რა ჯდება თირკმლის გადანერგვა საქართველოში?

თათია ბავშვთა საავადმყოფოში გავიცანი. 12 წლის გოგონას თირკმლის მწვავე უკმარისობა აწუხებს და კვირაში სამჯერ სისხლის გასაწმენდად საავადმყოფოს პალატაში 4 საათს ატარებს. გოგონა ახალი თირკმლის გადანერგვას ყოველდღე ელოდება. მას დონორობას საკუთარი დედა გაუწევს.

ორგანოთა ტრანსპლანტაციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი ოპერაცია IV საუკუნეში გაკეთდა. წმინდა კოზმა და დამეანემ ღვთისმსახურს ახალგარდაცვლილი შავკანიანი გლადიატორის ფეხი გადაუნერგეს. ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა...

ამერიკელმა ქირურგმა მურეიმ და მისმა კოლეგებმა, თირკმლის ტრანსპლანტაციის პირველი შედეგიანი ოპერაცია 1954 წელს ჩაატარეს.

საქართველოში ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია 1997 წელს დაფუძნდა. დღეისათვის, გადანერგილი ორგანოებით 111 ადამიანი ინარჩუნებს სიცოცხლეს, ამათგან უმრავლესობა თირკმელგადანერგილია, მაგრამ ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ორგანოს ტრანსპლანტაცია 1000-ზე მეტ ადამიანს ესაჭიროება. ისინი თირკმლის რიგში წლებია, დგანან.

გია თომაძე, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი:

- იმისათვის, რომ თირკმელი გადაინერგოს, აუცილებელია დონორისა და რეციპიენტის (ადამიანი, რომელსაც ორგანოს უნერგავენ) შეთავსება. მოქმედი კანონმდებლობით, დონორი შეიძლება იყოს რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე. შესაძლებელია "ორგანოთა გაცვლაც", ოღონდ ეს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად კონტროლდება, რათა საზღვარგარეთ ორგანოების გაყიდვა არ მოხდეს. გადანერგილი თირკმელი დაახლოებით 20-30 წელი მუშაობს და ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაში, განმეორებით ტრანსპლანტაციაცაა შესაძლებელი.

- რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია და რა პროცედურებს მოიცავს?

- ტრანსპლანტაცია, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, ორ საოპერაციოში პარალელურად მიმდინარეობს. თავდაპირველად დონორის ორგანიზმიდან თირკმელს იღებენ, შემდეგ გადასანერგ ორგანოს ამუშავებენ, ბოლო პროცედურა კი - ახალ სხეულში მისი გადანერგვაა.

- რა ჯდება თირკმლის გადანერგვა?

- თირკმლის გადანერგვა 15.000 ლარამდე ჯდება. ყოველ წელს 10-დან 15-მდე ოპერაციის ხარჯს სახელმწიფო ფარავს.

- რას გვეტყვით გვამური ორგანოების ტრანსპლანტაციაზე?

- კანონის თანახმად, გადასანერგად გარდაცვლილის ორგანოების გამოყენებაც დასაშვებია. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სიცოცხლეშივე დაწეროს თანხმობა გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოების უსასყიდლოდ გადანერგვის შესახებ. დონორთა ვინაობა მკაცრადაა გასაიდუმლოებული. ასეთი განცხადება დღემდე ასამდე ადამიანმა დაწერა. საქართველოში გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ტრანსპლანტაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

- რა არის ამის მიზეზი?

- მოსახლეობას ამ საკითხისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. 2007 წელს ჩვენ სოციოლოგიური კვლევა ჩავატარეთ. მართლმადიდებელი მრევლი ცოცხალი დონაციის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, მაგრამ გარდაცვლილი ახლობლის ორგანოს გადანერგვაზე უმეტესობამ კატეგორიული უარი თქვა. ნაწილმა მიზეზად რელიგიური ფაქტორი დაასახელა, ნაწილის თქმით, არ სურდა, გარდაცვალებულისთვის "დამატებითი ტრავმა" მიეყენებინა. ჩვენ ამ საკითხზე ხშირად ვმართავთ შეხვედრებს სასულიერო პირებთან.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ცოცხალი ადამიანის მიერ ორგანოს უსასყიდლოდ გადაცემას მხარს უჭერს. დავა მაშინ იწყება, როდესაც საქმე გარდაცვლილის ორგანოს გადანერგვას ეხება. ექიმებსა და სასულიერო პირებს სიკვდილის დადგომასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვთ: ექიმები მიიჩნევენ, რომ ადამიანი მაშინ კვდება, როდესაც თავის ტვინი წყვეტს მუშაობას, ამ დროს კი შესაძლოა გული ფეთქავდეს. სამღვდელოების ნაწილის აზრით კი - თუ გული ფეთქავს, ადამიანი ცოცხალია და მისი გადანერგვის უფლება არავის აქვს. წმინდა სინოდს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომაც სამღვდელოების აზრი იყოფა.

მამა კონსტანტინე (გიორგაძე) წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელი:

- სხეული შექმნილია ღვთის მიერ და მას ეკუთვნის, ამიტომ როცა ადამიანი თავისი სხეულის ნაწილს ყიდის, ის დიდ ცოდვას სჩადის. ის ეწინააღმდეგება მცნებას: "არა იპარო".

- თუ ადამიანი სიკვდილის შემდეგ ორგანოს სხვას გადასცემს გადასანერგად?

- ამ ფაქტს აბსოლუტურად ვემხრობი. როდესაც ვინმეს ორგანოს უსასყიდლოდ გადასცემ, ეს მოყვასის სიყვარულზე მიუთითებს და უდავოდ, დიდი მადლია.

19 წლის ანა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დონორის განცხადება შეავსო და ამით, გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოების გადანერგვაზე თანხმობა დაადასტურა.

- რატომ გადაწყვიტე, დონორი გამხდარიყავი და საიდან შეიტყვე ამ წესის არსებობა?

- ყველას ბევრჯერ გვინახავს ჰოლივუდური ფილმები, სადაც ორგანოს დონაციაა ასახული. მთავარი პერსონაჟი უკურნებელი დაავადებით იტანჯება და მას ორგანოს გადანერგვა ესაჭიროება, დონორი კი არ ჩანს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მელოდრამები გულგრილს არავის ტოვებს. მაგრამ ფილმი მთავრდება და არ გვაფიქრდება, რომ საქართველოშიც უამრავი ადამიანია, ვინც ორგანოს გადანერგვას რეალურად საჭიროებს. ტრანსპლანტაციის ცენტრის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე. გადაწყვეტილების მიღებაც არ გამჭირვებია.

- მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- დედა ექიმი მყავს, ამიტომ გადაწყვეტილება მომიწონა. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა. ჩემი გარდაცვალების შემდეგ, მეორე ადამიანს სიცოცხლის შანსს მივცემ. ვფიქრობ, რომ ამით ერთ კეთილ საქმეს გავაკეთებ. ტრანსპლანტაციის ასოციაციასაც ხომ ასეთი სლოგანი აქვს: "გაიღე ორგანო - გადაარჩინე სიცოცხლე".

ლევან ჟორჟოლიანი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)