თელავის ხევის მიმდებარედ, 10 მეტრის ზონაში არსებულ ყველა შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება, მათ შორის, ვარდოშვილის, ქეთევან წამებულის და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობებს. ამის შესახებ თელავის მერმა, ვაჟა მაღრაძემ ჟურნალისტებს სამხარაულის დასკვნის შესახებ საუბრისას განუცხადა.
"მოგეხსენებათ, 12 ივლისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, თელავს საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა. მათ შორის, ვარდოშვილის ქუჩასა და მიმდებარედ არსებულ შენობებს ძირი გამოაცალა და ზოგიერთს მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი.
მაშინვე ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარა სამხარაულის ბიურომ. სწორედ 2 დღის წინ მივიღეთ დასკვნა, სადაც გაანალიზებულია ყველა შენობის მდგრადობა სამომავლო პერსპექტივის სახით.
არის შენობები, სადაც დაწყებულია სერიოზული რღვევა და ეს ვიზუალურადაც ჩანს. სწორედ ამიტომ ამ დრომდე გადაკეტილია ეს ქუჩა. არის შენობები, რომელსაც ასევე ვიზუალურად არ ემჩნევა რღვევა, მაგრამ ნებისმიერ დროს შესაძლოა დაიწყოს ამ შენობების [ნგრევა]. სათითაოდ არის გაანალიზებული ყველა შენობის მდგომარეობა.
ჩვენ მოსახლეობას შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი, ან კომპენსაცია. გამოიკვეთა, რომ ბევრს კომპენსაცია სურდა და მოძებნიდა თავად ალტერნატიულ ფართს. ყველა შენობის შეფასება მოხდება",- განაცხადა თელავის მერმა.
ცნობისთვის,12 ივლისის მოსულმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიყენა თელავს. თელავის ხევში წამოსულა ღვარცოფმა სრულად გაანადგურა რამდენიმე ქუჩის ინფრასტრუქტურა.