სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები  2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასთან.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევამ, მათ შორის ომის დღეებში ევროპელი ლიდერების თბილისში ვიზიტმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის სამხედრო წინსვლის შეჩერებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, საკუთარი აგრესიის პასუხისმგებლობა თავად მსხვერპლს -საქართველოს დააკისროს, რაც რუსეთის იმპერიის ტრადიციულად ნაცადი ხერხია. ამ ნარატივის გამეორება ან/და მისი შინაარსის გაზიარება აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ისტორიული სიმართლე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, არ უნდა იქცეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად.

სამოქალაქო საზოგადოება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს და შემდგომ, 2014 და 2022 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მკაფიო შეხსენებაა ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის. არამედ, იგი საფრთხეს უქმნის იმ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობას, თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას ეფუძნება.

„18 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ქედს ვიხრით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის წინაშე. მათი თავგანწირვა ჩვენი სახელმწიფოსა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია.

აგვისტოს ომი მხოლოდ წარსულის ნაწილი არ არის. მისი ისტორიული გააზრება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, დეოკუპაციის პოლიტიკის მიზნებსა და იმ საერთაშორისო-სამართლებრივ პოზიციების განუხრელ დაცვას და განმტკიცებას, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 18 წლის მანძილზე ჩამოაყალიბა. სწორედ ამიტომ, 2008 წლის ომზე საჯარო მსჯელობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. როდესაც საუბარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, პარტიული მიზნებისთვის ისტორიული ფაქტების დამახინჯება დაუშვებელია.

ომის შემდეგ, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვან სამართლებრივ, დიპლომატიურ და პოლიტიკურ შედეგებს მიაღწია. სხვადასხვა პერიოდში გაწეულმა მრავალწლიანმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გაამყარა საქართველოს საერთაშორისო პოზიციები სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. ჩამოყალიბდა რუსეთის მიერ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა აქვს. რუსეთმა დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ მოახერხა ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვება ვერცერთი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მქონე ქვეყნის მიერ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დაადასტურეს რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოში ოკუპაციასა და საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევებზე.

აგვისტოს ომმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი დაგვიტოვა - საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო პარტნიორობასთან. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების ძალისხმევამ, მათ შორის ომის დღეებში ევროპელი ლიდერების მხარდამჭერმა ვიზიტმა თბილისში, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რუსეთის სამხედრო წინსვლის შეჩერებასა და ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაში.

რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, საკუთარი აგრესიის პასუხისმგებლობა თავად მსხვერპლს -საქართველოს დააკისროს, რაც რუსეთის იმპერიის ტრადიციულად ნაცადი ხერხია. ამ ნარატივის გამეორება ან/და მისი შინაარსის გაზიარება აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ისტორიული სიმართლე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, არ უნდა იქცეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად.

რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს და შემდგომ, 2014 და 2022 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მკაფიო შეხსენებაა ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის. არამედ, იგი საფრთხეს უქმნის იმ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობას, თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას ეფუძნება.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების წინაშე. ვაფასებთ ომის მონაწილე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ღვაწლს, ისევე როგორც იმ სამხედროებისას, რომლებიც დღესაც სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის სადარაჯოზე დგანან. მათი თავგანწირვა გვავალდებულებს, დავიცვათ ისტორიული სიმართლე, შევინარჩუნოთ ეროვნული ღირსება და ვემსახუროთ სამშობლოს, რომლის დასაცავადაც მათ ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლე გაიღეს!“,- ნათქვამია განცხადებაში.