ავტორი:

დაიწყო გამოძიება გიორგი ბარამიძის მიერ ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით - პროკურატურის განცხადება

დაიწყო გამოძიება გიორგი ბარამიძის მიერ ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით - პროკურატურის განცხადება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

"აუცილებელი არ იყო ეს, მაგრამ, როდესაც ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას, მეგობარს, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია....“, - აღნიშნა ბარამიძემ.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ინტერვიუში საუბრობს 33 წლის წინანდელ, 1992-93 წელს აფხაზეთში რუსების მიერ გაჩაღებულ ომზე და იმ დროს ომის ტყვეების გაცვლის პროცესზე, „როცა არც რეგულარული გაწვრთნილი და დისციპლინირებული ჯარი გვყავდა და არც ნორმალური სახელმწიფო გვქონდა“.

წაიკითხეთ ასევე: