მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანის, ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
„მტკიცებულებების არ არსებობის საფუძველზე, აღკვეთის გარეშე დატოვებას მოვითხოვთ. სასამართლო სხდომა გველოდება, გამოვალ და ყველაფერს გეტყვით“, - განუცხადა გიორგი ლეკიშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.