მოკლული მასწავლებლის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.
მისივე თქმით, ნია იმნაძე პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე მიდგომა განსხვავდება უფროსი თაობის ხედვისგან, რის გამოც მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს.
„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ. თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.
საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ ...“, - განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, სონიძემ აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად „მეტას“ კვლავ მიმართეს და ამ დრომდე კომპანიის პასუხს ელოდებიან შუამდგომლობაზე.
„მეტადან“ ისევ ველოდებით შუამდგომლობაზე პასუხს“,- განაცხადა პროკურორმა.