ევროპაში აუტანელი სიცხის ფონზე, იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ დამდეგი შაბათ-კვირისთვის ქვეყნის 27 ქალაქში განგაშის წითელი, უმაღლესი დონე გამოაცხადა.
სიცხის გამო საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა ქვეყნის მთავარ ტურისტულ ობიექტებზეც. ისეთ ღირსშესანიშნაობებზე, როგორებიცაა რომის კოლიზეუმი და პანთეონი. ტურიზმისა და კულტურის სამინისტრომ სამუშაო საათები გაახანგრძლივა. კოლიზეუმის შესასვლელებთან დამონტაჟდა გამაგრილებელი ორთქლის ვენტილატორები და განთავსდა დამატებითი სამედიცინო პუნქტები.
რომმა სიცხის საგანგებო სიტუაციას კიდევ ერთი უჩვეულო გადაწყვეტილებით უპასუხა: მდინარე ტიბრზე, მარკონის რაიონში, უფასო “ურბანული სანაპირო“ მოეწყო, სადაც მცხოვრებლებს გაგრილება აუზებში, შადრევნებსა და ჩრდილოვან ზონებში შეუძლიათ.
მცხოვრებლებმა ინიციატივა შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს მათ მაღალ ტემპერატურასთან გამკლავებაში ეხმარება და ასევე ქალაქის გახურებული ასფალტისა და ბეტონისგან თავის დაღწევის იშვიათ შესაძლებლობას იძლევა.